Placeholder canvas
ახალი ამბები

რიკარდ იოზვიაკი: ევროკომისია საქართველოს პირობებს წაუყენებს შემდგომი კანდიდატობის შესაძლებლობით

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ევროკომისიამ მიაღწია „წინასწარ შეთანხმებას“, რის შედეგადაც საქართველოს ახლა გარკვეული პირობების შესრულება მოუწევს, ხოლო სამომავლოდ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ექნება.

მისი თქმით, კომისია შეთანხმდა, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, რასაც „პირობების შესრულების“ ვალდებულებაც მოჰყვება.

როგორც ცნობილია, ევროკომისია სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საკუთარ მოსაზრებას დღეს წარმოადგენს. 23-24 ივნისს კი, ევროკავშირის საბჭო თითოეულ ქვეყანაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ევროპელი ლიდერები საქართველოს შესახებ 

გადაწყვეტილების მოახლოებასთან ერთად, რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

Business Insider-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რომელიც გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, იტალიის პრემიერმინისტრ მარიო დრაგისთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთად კიევს სტუმრობდა, განაცხადა, რომ „გერმანია უკრაინის სასარგებლოდ დადებითი გადაწყვეტილების მომხრეა, რაც ასევე ეხება მოლდოვის რესპუბლიკასაც“. კანცლერს საქართველო არც უხსენებია.

თუმცა, რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ სამივე ქვეყნისთვის ინტეგრაციის უზრუნველყოფა „მთავარია ჩვენი ღირებულებების გარშემო ძლიერი და გრძელვადიანი დაცვის უზრუნველსაყოფად“. „საქმე ეხება ჩვენს შესაძლებლობას, რომ სამეზობლოში უსაფრთხოება და სტაბილურობა უზრუნველვყოთ. ყოყმანის დრო აღარ არის“.

ერთი დღით ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტის დროს, უკრაინას და მოლდოვას მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო საქართველო მათგან განაცალკევა და განაცხადა, რომ საქართველო, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, იმავე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში არ იმყოფება.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველომ და მოლდოვამ, უკრაინის კვალდაკვალ, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button