ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაზე,  ასევე საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე იმსჯელეს.

ამავე ინფორმაციით მხარეებმა „საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტზეც“ (Tailored Support Document) ისაუბრეს, რომელიც მორგებულია თავდაცვის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე.

მხარეებმა  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული დახმარებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაც განიხილეს.

კოლეგებთან შეხვედრები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე ფინელ და შვედ კოლეგებს – ანტი კაიკონენს და პიტერ ჰულქვისტს შეხვდა და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში საფრთხეებისა და რისკების ზრდაზე იმსჯელა.

„ამ კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ დასავლეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ და ბულგარელ კოლეგებს – ჰულუსი აკარსა და  დრაგომირ ზაკოვსაც შეხვდა. საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება იყო.

თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე  ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგას თავდაცვის უწყების მიერ გატარებული რეფორმები გააცნო, ასევე „ისაუბრა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის წვლილზე, პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობაზე“.

მინისტრ ზაკოვთან ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა, მათ შორის,  მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები, ასევე ქართველი სამხედროების წვრთნისა და განათლების ხელშეწყობა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე ნიდერლანდელ, გერმანელ და ლიეტუველ კოლეგებსაც შეხვდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button