skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნება და ოპოზიცია პრეზიდენტის ბრიფინგს ეხმიანებიან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ევროკოავშირისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინის ფონზე მმართველი გუნდი ევროპარლამენტარების შეურაცხყოფისა და ბრიუსელში „საქმის გაფუჭების“ გუნდი გააკრიტიკა. ამ კონტექსტში მან თავისი დამაზიანებელი როლისთვის ოპოზიციის „რადიკალურ“ ნაწილსაც უსაყვედურა. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებისკენაც მოუწოდა.

ქვემოთ პრეზიდენტის ბრიფინგზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეფასებებია მოცემული:

ქართული ოცნების გამოხმაურება

პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგს მეორე დღეს ბრიფინგითვე გამოეხმაურნენ ქართულ ოცნებაში და პრეზიდენტის მიერ მათი მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს ცალ-ცალკე უპასუხეს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები „პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ“.

მისივე თქმით, პრეზიდენტი „იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული“. „რატომ ჩაჯდა [სალომე ზურაბიშვილი] რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ე.წ. ანტიევროპულ რიტორიკაზე მმართველი პარტიის მიმართ პრეზიდენტის ბრალდებას არავითარი საფუძველი არ აქვს და „ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს, არაა ევროპა“.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ვერც ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ „ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების მესიჯის გასამყარებელი არგუმენტები“ წარმოადგინა. „დემოკრატიული უკუსვლა არის ე.წ. აღქმა, რომლის უკანაც არავითარი ფაქტი არ დგას“.

მანვე უარყო პრეზიდენტის ნათქვამი, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის თემა მოგონილია და აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ჯარი დგას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავის გაშვების შემთხვევაში, „ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა“.

„ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კარგად მოიკითხოს. აღარაფერს ვამბობთ რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი ტელევიზიების, ენჯეოებისა და ცალკეული უცხოელი პარტნიორების რიტორიკაზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ამ აზრის მომწიფებას ისახავდა მიზნად“.

სიტყვის დასასრულს ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ აქციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ომის პარტიასთან“ და „რადიკალურ ოპოზიციასთან“ ერთიანობისკენ მოწოდება „არასერიოზულია“.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, როდესაც პრეზიდენტი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს არ იყენებს და მის მიერვე დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად აქციას ნიშნავს, „გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს“ ის.

„[სალომე ზურაბიშვილი] იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს“, – განაცხადა მან.

ენმ-ის თავმჯდომარემ პრეზიდენტი ზურაბიშვილი 20 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაგეგმილი ევროკავშირის მხარდამჭერი აქციის „დაგმობისთვისაც“ გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ ამით იგი „ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას“.

პარტია ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველო, შესაძლოა, გეოპოლიტიკური შესაძლებლობების მიღმა აღმოჩნდეს, საზოგადოება პრეზიდენტისგან არა ანალიტიკოსისა და კომენტატორის როლის მორგებას, არამედ „ქმედითი“ ნაბიჯების გადადგმას ელის.

ამ კონტექსტში მან პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების უფლების გამოყენების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. სამადაშვილის თქმით, დღეს ქვეყანა ელოდება კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილისგან და „ძალიან სამწუხაროა“, რომ პრეზიდენტისგან ეს ვერ მოვისმინეთ.

სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის თქმით, იმ ფონზე როდესაც, ქვეყანაში მთავარი პრობლემა „მიტაცებული სახელმწიფო და არაფორმალური მმართველობაა“ პრეზიდენტმა საზოგადოებას უთხრა, რომ „[ბიძინა] ივანიშვილი კარგია, მაგრამ ქართული ოცნების გუნდი არ უვარგაო“.

„უნდოდა, რომ დაეცვა [ბიძინა ივანიშვილი] და დაიცვა. ძალიან კარგი მოსასმენი იყო, რომ ქართულ ოცნებაზე ასეთი მკაფიო და კრიტიკული იყო“, – თქვა მოქალაქეების დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, პრეზიდენტი აბსოლუტურად სწორი იყო იმ ნაწილში, სადაც მან თქვა, რომ „ოცნებამ გააფუჭა ყველაფერი“ და რომ „ჩვენ დავრჩით იზოლაციის რისკის წინაშე“.

თუმცა, მისივე თქმით, არასწორია, როდესაც პრეზიდენტმა პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზად 16 ივნისის აქცია შემოგვთავაზა. „მას უნდა ეთქვა, რომ მოდით, რეფორმების დღის წესრიგის ირგვლივ გავერთიანდეთ, ვაიძულოთ ხელისუფლება, იმიტომ, რომ დღეს ამას ელოდება ჩვენგან ევროკავშირი“, – ხაზი გაუსვა ნათია მეზვრიშვილმა.

„[სალომე] ზურაბიშვილმა საზოგადოებას კი არ მიმართა, არამედ მიმართა ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა და დასძინა, რომ პრეზიდენტის „მთავარი სათქმელი, მთავარი სურვილი იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვა კრიტიკისგან და მისი რეპუტაციის გამოსწორება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button