ახალი ამბები

ბორჯომის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის მედიაცია ხელახლა დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მინერალური წყლების კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შუამავლობის მიზნით ძალისხმევა გააძლიერა, რამდენადაც ცნობილი გახდა, რომ მომავალი კვირისთვის კომპანიის თანამფლობელი მთავრობა გახდება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ „პრაქტიკულად დაასრულა“ მოლაპარაკებები „ალფა ჯგუფთან“, რომელიც „IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს ფლობს. პრემიერმა არ დააკონკრეტა, წილის რა ოდენობას გადაიბარებს მთავრობა.

პროცესების კვალდაკვალ, ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანიის 400-მდე გაფიცულ თანამშრომელთან და ხელმძღვანლობასთან შესახვედრის მიზნით ადგილზე შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორი, ბექა ფერაძე და მედიატორი, ანა სამსონიძე გაგზავნა.

ბორჯომის ქარხნებში მისვლის შემდეგ, სადაც გაფიცულმა თანამშრომლებმა დღეს პიკეტი მოაწყვეს, შუამავალმა სამსონიძემ მედიაციის ხელახალი პროცესის შესახებ დამატებითი დეტალებისაგან გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.

ინსპექტორმა ბექა ფერაძემ აღნიშნა, რომ ისინი მოისმენენ იმ მოთხოვნებსა და გამოწვევებს, რომლებიც თანამშრომლებს აქვთ. მანვე ხაზი გაუსვა, რომ შრომის ინსპექციამ ხელფასების საკითხის მოკვლევა უკვე დაიწყო.

პროფესიული კავშირის „ლაბორის“ წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ განაცხადა, რომ მას მედიაციის პროცესის ერთ დღეში დასრულების მოლოდინი არ აქვს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „რა პერიოდიც უნდა დასჭირდეს ამ ყველაფერს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“.

„აღნიშნული გაფიცვა გაგრძელდება შეთანხმების გაფორმებამდე“, – დასძინა მანვე.

„ბორჯომის“ თანამშრომლები 31 მაისს მას შემდეგ გაიფიცნენ, რაც თავდაპირველი, 21-დღიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

გაფიცულთა მოთხოვნები

„ბორჯომის“ თანამშრომლები რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული 49 თანამშრომლის აღდგენას, დაგვიანებული ხელფასების გადახდას, ასევე უვადო ხელშეკრულებების დადებას, კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას, შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრას მოითხოვენ.

გაფიცვის ფონზე, დღეს „IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ რუსეთის მოქალაქე 10 ახალი თანამშრომელი აიყვანა, რომლებიც თბილისში ოკუპირებული ცხინვალიდან ჩამოვიდნენ.

გიორგი დიასამიძის მტკიცებით, კომპანია რუსეთის მოქალაქეებს რიგით თანამშრომლებზე 5-6-ჯერ მეტს უხდიდა.

„ბორჯომში“ აცხადებენ, რომ კომპანია „მცირედი რესურსით“ მუშაობს, რათა საქართველოს ბაზარზე არ იყოს წყვეტა.

ბორჯომის განცხადება

დღესვე განცხადება გაავრცელა „ბორჯომმა“ და ხაზი გაუსვა, რომ კომპანია მზად არის „ღია დიალოგისთვის“ და შრომის ინსპექციისთვის „სრული“ და „ამომწურავი“ ინფორმაციის მისაწოდებლად.

თანამშრომელთათვის ხელფასების დაგვიანებაზე საუბრისას, „ბორჯომმა“ ხაზი გაუსვა, რომ „უკიდურესად შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში“, უპირველეს ყოვლისა, იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, რომლებიც ამ ეტაპზე წარმოების პროცესში არიან ჩართულნი.

კომპანიამ ასევე უარყო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა აყვანის შესახებ გავრცელებული ცნობები.

წინაისტორია

კომპანიამ წარმოების შეჩერების შესახებ 29 აპრილს განაცხადა და აღნიშნა, რომ პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე – რუსეთსა და უკრაინაში – შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც „კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“.

„IDS ბორჯომი საქართველო“ კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ კიურასაოში დარეგისტრირებული IDS Borjomi International-ის შვილობილი კომპანიაა. 2013 წლიდან, IDS Borjomi International-ის 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. ჯგუფის თანადამფუძნებელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია.

„ალფა ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, „ალფა ბანკი“, რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციების სამიზნე გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button