ახალი ამბები

IRI-ის კვლევა: უკრაინელები საქართველოს ძირითად მხარდამჭერებს შორის ასახელებენ

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის თანახმად, უკრაინელმა რესპონდენტებმა საქართველო იმ ძირითად ქვეყნებს/ორგანიზაციებს შორის დაასახელეს, რომელთაც რუსული სამხედრო აგრესიის კონტექსტში უკრაინას ყველაზე მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინეს.

ამ მხრივ, საქართველოს 17%-ით მეოთხე ადგილი უკავია და მას უსწრებენ პოლონეთი (67%), დიდი ბრიტანეთი (56%) და აშშ (54%). რესპონდენტებს კითხვაზე სამი პასუხის გაცემის შესაძლებლობა ჰქონდათ.

საქართველოს შემდეგ მოდის კანადა 8%-ით, რუმინეთი და საფრანგეთი 7%-7%ით, ლიეტუვა 4%-ით და ნატო 3%-ით.

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, საქართველო ძირითად მხარდამჭერებში ახალგაზრდა უკრაინელების 20%-მა დაასახელა 18-35 ასაკობრივი ჯგუფიდან; ასევე 20%-მა 36-50 ასაკობრივი ჯგუფიდან და 13%-მა 51 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფიდან.

კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა მათი შეხედულება საქართველოს შესახებ 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო, რესპონდენტების 10%-მა განაცხადა, რომ ის ბევრად გაუმჯობესდა; 19%-მა აღნიშნა, რომ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, ხოლო 40% უპასუხა, რომ იგივე დარჩა.

ამასთან, რესპონდენტების 15%-მა განაცხადა, რომ მათი შეხედულება საქართველოს შესახებ გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 6%-მა აღნიშნა, რომ ბევრად გაუარესდა. 9%-მა უარი თქვა პასუხზე.


გამოკითხვა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევითი ცენტრის დაკვეთით სოციოლოგიურმა ჯგუფმა „რეიტინგმა“ ჩაატარა. საველე სამუშაოები 30 მარტი-2 აპრილის პერიოდში ჩატარდა სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით, მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. კვლევის ფარგლებში 18 წლის და მეტი ასაკის 2 001 უკრაინელი გამოკითხეს.

გამოკითხვა უკრაინის მასშტაბით ჩატარდა, გარდა ოკუპირებული ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა. გამოკითხულებს შორის არ არიან ის უკრაინელები, რომლებიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფებიან. კვლევის ცდომილების ზღვარი არ აღემატება 2 პროცენტულ პუნქტს. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button