ახალი ამბები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 27 აპრილს 406 ხმით 20-ის წინააღმდეგ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო.

ორპარტიული კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი აწესებს შემოსვლისა და საკუთრების ბლოკირების სანქციებს იმ უცხოელ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი.

პრეზიდენტს ასევე სთხოვენ კონგრესს ყოველ 180 დღეში წარუდგინოს ანგარიში ასეთი უცხოელი პირების შესახებ.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ანგარიშები უნდა წარუდგინოს საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე და ეს ანგარიშები საქართველოსთვის აშშ-ს დახმარებას და საქართველოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებული საფრთხეების და თავდაცვის შესაძლებლობების შეფასებას უნდა მოიცავდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე უნდა მოამზადოს ანგარიშები კიბერუსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ და სტრატეგია, რომლებიც დაეხმარება ქვეყანას გააფართოვოს საკუთარი შესაძლებლობები რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კანონპროექტი საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ 2021 წლის თებერვალში წარადგინეს და წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ის 5 აპრილს მიიღო.

ახლა დოკუმენტი სენატმა უნდა დაამტკიცოს და შემდეგ პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი, სანამ ის კანონის ძალას შეიძენს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერეს და წინსვლას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button