Placeholder canvas
ახალი ამბები

მთავრობა ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარს გაასაჯაროებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა გაასაჯაროებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარს.

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს „აქტიურ კონსულტაციებს“ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან იმისთვის, რომ კითხვარის შევსების პროცესში მათი ცოდნა და გამოცდილება გაიზიარონ.

მთავრობის გადაწყვეტილება, კითხვარის გასაჯაროების თაობაზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოწოდებებს  მოჰყვა.

გუშინ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართეს და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობა სთხოვეს.

ამასთან, 12 აპრილს, ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკომისარ ვარჰეის და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური უნდა იყოს. მათი თქმით, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


ევროკომისარმა ვარჰეიმ კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს 11 აპრილს ლუქსემბურგში გადასცა. საქართველოს ერთი თვე აქვს საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტის შესავსებად.

საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მარტის დასაწყისში წარადგინა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო ივნისში დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button