ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც 5-6 აპრილს ერევანს სტუმრობს, სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 5 აპრილს პრეზიდენტ ხაჩატურიანთან შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ამ კუთხით მან მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც „ითვალისწინებს სამ ქვეყანას შორის დიალოგს“.

იმავდროულად, სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა ყურადღება გაამახვილა სომხეთის ძალისხმევაზე მშვიდობის დამყარების მიმართულებით და ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებების დაცვის საკითხს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 5 აპრილს შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვდა პრემიერმინისტრ ფაშინიანს და მასთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებულ პერიოდს გადიან, შეგვიძლია ვიხილოთ ახალი დინამიკა, ახალი განწყობა, ახალი პერსპექტივები პოლიტიკურ დონეზე“, – უთხრა ფაშინიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრაზე.

სომხეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისი და ერევანი უფრო ახლო ინსტიტუციურ თანამშრომლობას მიაღწევენ „მაღალი დონისა და ინტენსიური პოლიტიკური ურთიერთობების მეშვეობით“.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პაპუაშვილი უკვე შეხვდა თავის სომეხ კოლეგას, ალენ სიმონიანს. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან და სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღოლთან, გარეგინ II-სთან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button