skip to content
ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გუშინ ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას, ევროკომისარ დიდიე რეინდერსს, ასევე ევროპარლამენტარებს – ირაჩე გარსია პერეზს და მარინა კალიურანდს შეხვდა.

გუშინდელი შეხვედრების შეჯამებისას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს – ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი უკვე გადაგზავნილ იქნა შესაბამის დეპარტამენტებში“.

„სხვა დროს, თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ახლა, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება“, – განაცხადა მან.

რობერტა მეცოლას თქმით, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის

შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირი აღიარებს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა „ევროპულ ოჯახს ეკუთვნიან“.

თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ „კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა [და] ნამდვილი საპარლამენტო დიალოგი აუცილებელია დემოკრატიისთვის“.

თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „რობერტა მეცოლას სახით, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს“.

„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება“, – დასძინა მანვე.

სხვა შეხვედრები

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისარ დიდიე რეინდერსთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადსა და უკრაინაში რუსული აგრესიის შესახებ იმსჯელეს.

მათვე ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით საქართველოს მხრიდან გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრეს და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ამავე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის მოსაზრების მნიშვნელობას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით.

უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე იმსჯელა შალვა პაპუაშვილმა ევროპის პარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტ ირაჩე გარსია პერეზთან და ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდთან შეხვედრაზე.

შეხვედრის შემდეგ, პერეზმა Twitter-ზე დაწერა, რომ სოციალ-დემოკრატები „მზად არიან დაეხმარონ ქართველო ხალხის ევროპული მისწრაფებების შესრულებას, მაგრამ ჩვენ ველით პროგრესს დემოკრატიული რეფორმებისა და კანონის უზენაესობის კუთხით“.

საქართველოს დელეგაცია ბრიუსელს 29 მარტი-1 აპრილის პერიოდში სტუმრობს და მის შემადგენლობაში არიან – პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მოქალაქეების დეპუტატი, ლევან იოსელიანი, ასევე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე – მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button