საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს
საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და არარატ მირზოიანმა ტელეფონით ისაუბრეს.
საქართველოს საგარეო უწყების 24 მარტის განცხადებით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი განიხილეს და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ამავე ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის მზაობა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონალური მშვიდობის უზრუნველყოფაში, მათ შორის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში.
თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მირზოიანმა ქართველ კოლეგას გააცნო „მთიანი ყარაბაღის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ქმედებები, რაც ხელს უშლის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ნორმალურ მუშაობას ყინვის პირობებში“.
„არარატ მირზოიანი შეეხო სომხური მხარის პოზიციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში და ამ კონტექსტში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის საშუამავლო როლს გაუსვა ხაზი“, – ნათქვამია ამავე განცხადებაში.
სომხეთის სააგრეო უწყების განცხადებით, მხარეებმა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)