ახალი ამბები

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე თბილისს სტუმრობდა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე, იზაბელ კოლმენი 23-24 მარტს თბილისს სტუმრობდა, სადაც იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

„ძალიან მოხარული ვიყავი მადლობა გადამეხადა პრეზიდენტ [სალომე ზურაბიშვილისთვის] უკრაინისადმი მისი გულწრფელი მხარდაჭერის გამო“, – დაწერა Twitter-ზე კოლმენმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ქართველებს უშუალოდ ესმით რუსეთის აგრესიის საფრთხე და დასავლეთის ძლიერი, ერთიანი პასუხის საჭიროება“, – განაცხადა მან.

23 მარტს, პარლამენტში ვიზიტის შემდეგ, კოლმენმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მათ იმსჯელეს თუ „როგორ შეუძლიათ ჩვენს ქვეყნებს ერთად აღუდგენენ რუსეთის სისასტიკეს და მხარი დაუჭირონ დემოკრატიას უკრაინასა და საქართველოში“.

„საქართველოში უკრაინისადმი მხარდაჭერის გამომჟღავნება ძალიან ამაღელვებელია“, – დასძინა მან.

თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ „რამდენადაც უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე საქართველო პროგრესულ ნაბიჯებს დგამს ევრუპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიის კონსოლიდაციაში, ინსტიტუტების და [საქართველოს] მედეგობის გაძლიერებაში USAID-ის მხარდაჭერა ღირებულია“.

საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე USAID-ის ადმინისტრატორის მოდგილემ მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს „მნიშვნელოვანი საუბრისთვის საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერისა [და] თავისი საკუთარი დემოკრატიული მომავლის შესახებ“.

მთავრობის ადმინსიტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის მხრივ, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების უახლოესი და საიმედო პარტნიორია და მოწოდებულია, სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს“.

„განსაკუთრებულად აღინიშნა USAID-ის ფასდაუდებელი წვლილი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკური ზრდისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით“, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას“, – ნათქვამია იქვე.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, იზაბელ კოლმენმა USAID-ის სახელით ასევე ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს თიბისი ბანკთან, რომლის მიზანია „ეკონომიკის შემდგომი დივერსიფიკაცია, კლიმატის მიმართ გონივრული გადაწყვეტილებების ხელშეწყობა და ქართველებისთვის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა“.

გუშინ იგი საქართველოს ხელისუფლების მიერ აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის აღსანიშნავად გამართულ მიღებასაც დაესწრო.

თბლისში ვიზიტამდე იგი ბრიუსელს სტუმრობდა, სადაც ევროკავშირისა და ბელგიის ოფიციალურ პირებს შეხვდა და ევროკავშირის ჰუმანიტარულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button