ახალი ამბები

შს მინისტრი: 3 კვირაში საქართველოში 12 638 რუსი დარჩა

საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, განაცხადა, რომ დაახლოებით 14-ჯერ გაიზარდა ქვეყანაში დარჩენილი რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა.

მინისტრმა 24 თებერვლიდან – უკრაინაში ომის დაწყებიდან – 16 მარტის ჩათვლით სტატისტიკური მონაცემები 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს შეადარა, რადგანაც მისი თქმით, 2020-2021 წლებში საზღვრები პანდემიის გამო დიდწილად დაკეტილი იყო და ვიზიტორები „რუსეთიდან კი არა, არცერთი ქვეყნიდან შემოდიოდ[ნენ]“.

გომელაურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში რუსეთის 30 439 მოქალაქე შემოვიდა, 17 801 გავიდა, 12 638 დარჩა. მინისტრის თქმით, 2019 წლის იმავე პერიოდში, რუსეთიდან საქართველოს 64 008 ვიზიტორი ესტუმრა, 63 097 გავიდა, 911 კი – დარჩა.

შს მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში ჩამოსულ ბელარუსის მოქალაქეებზე. მისი თქმით, 24 თებერვლიდან 16 მარტის პერიოდში, ქვეყანაში ბელარუსის 15 777 მოქალაქე შემოვიდა, მაშინ როდესაც 2019 წლის იმავე კვირებში ეს მონაცემი 1 678-ის ტოლი იყო.

ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო საზღვარზე შემომსვლელთა კონტროლი გამკაცრებულია. თუმცა, მისი აზრით, იმის თქმა, რომ „100%-ით კონტროლდება ყველა შემოსული მოქალაქე, იქნება სისულელე“.

მანამდე, 8 მარტს, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების „უკონტროლოდ“ შემოდინების შესახებ ცნობებს „მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია“ უწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ი ამტკიცებდა, რომ ვიზიტორთა ამჟამინდელი რაოდენობა არ აჭარბებდა წინა წლების იმავე პერიოდის მაჩვენებლებს. თუმცა, უწყებას ქვეყანაში დარჩენილთა რაოდენობაზე არაფერი უთქვამთ.

კიდევ უფრო ადრე, 7 მარტს, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ დავითაშვილმა თქვა, რომ წელს საქართველოში 20 000-25 000-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2020 მაჩვენებლის თითქმის იდენტურია. თუმცა, გასულთა და დარჩენილთა შესახებ დეტალები არც მას დაუკონკრეტებია


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს საშუალოდ 74.2 ათასი რუსი სტუმრობდა, 2020 წელს 48.8 ათასი, 2021 წელს კი – 2.6 ათასი. საქსტატს ბელარუსიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ცალკე გამოყოფილი არ აქვს და ის სხვა ქვეყნების მონაცემებშია გაერთიანებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button