ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი რუსეთის მოქალაქეების ჭარბი შემოდინების შესახებ ცნობებს უარყოფს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჭარბი შემოდინების შესახებ საზოგადოების წუხილებს უპასუხა.

მინისტრმა დავითაშვილმა თქვა, რომ წელს საქართველოში 20 000-25 000-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2020 მაჩვენებლის თითქმის იდენტურია. თუმცა, მინისტრმა შემოსულთა შესახებ კონკრეტული დეტალები არ დააკონკრეტა.

„საუბარი რომ რაღაცა დიდი რაოდენობით [რუსეთის მოქალაქეები] საქართველოში ჩამოდიან და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მან ასევე არ გაიზიარა რუსეთის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესების შესახებ მოწოდებები.

„საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში“, – განაცხად დავითაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს ზოგადად აქვს „გახსნილი, ლიბერალური“ რეჟიმი, მათ შორის სავაჭრო მიმართულებით, რომ „მოვიზიდოთ მეტი ადამიანი საქმიანობისთვის“.

„ადამიანები თუ რეჟიმს რეალურად გამოურბიან და ცდილობენ, რომ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად… ჩვენ უნდა მივცეთ ადამიანებს სწორად, ლეგალურად და კანონის შესაბამისად საქმის კეთების საშუალება“, – თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

გაიხსენა რა 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილების მოტივაცია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობისა და გახსნილობის ჩვენება იყო მათთვის, ვისაც „რეჟიმთან ერთად ცხოვრება“ არ სურდა.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოქმედი მთავრობაც იმავე აზრზეა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით ხელისუფლება „კონტროლისა“ და „ფილტრის“ მექანიზმით მიზანს ვიზების დაწესების გარეშეც აღწევს.

რაც შეეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომელთაც, სავარაუდოდ, საქართველოში თავიანთი ბიზნესის გადმოტანა სურთ, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას „ძალიან მკაფიოდ“ აკონტროლებს.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს თვეში საშუალოდ 48.8 ათასი რუსეთის მოქალაქე სტუმრობდა. 2021 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.6 ათასი იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button