ახალი ამბები

ცხინვალის უშიშროების კომიტეტის თქმით, უკრაინა და აშშ ბირთვული ქობინის გამოყენებას გეგმავენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „უშიშროების კომიტეტმა“ 10 მარტს განაცხადა, რომ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში მცირე სიმძლავრის ბირთვული ქობინის გამოყენებას და პასუხისმგებლობის რუსეთზე დაკისრებას აპირებენ.

უშიშროების კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებმა უკვე მიაწოდეს შესაბამისი შეიარაღება დასავლეთ უკრაინას, ჩვეულებრივი შეიარაღების საავიაციო ტრანსპორტით მიწოდების საბაბით.

კომიტეტის თქმით, მან ეს ინფორმაცია საქართველოდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებიდან მოხალისეების უკრაინის ომში მონაწილეობის ფაქტების შემოწმებისას მოიპოვა.

ამ ბრალდებებს წინ უძღვოდა აშშ-ის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ბრალდებები ბიოლოგიურ ომთან დაკავშირებით.

„რუსეთს და არა შეერთებულ შტატებს აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების ხანგრძლივი და კარგად დადასტურებული გამოცდილება, მათ შორის პუტინის, პოლიტიკური მტრების, როგორიცაა ალექსეი ნავალნი, მკვლელობის მცდელობებსა და მოწამვლაში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ.

იმავდროულად, 27 თებერვლიდან, უკრაინაში შეჭრიდან სამ დღეში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ბირთვული ძალები „სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნაში“ მოიყვანა.

თუმცა, მოსკოვი კვლავ უარყოფს უკრაინაზე თავდასხმას, მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე 200 000 სამხედრო შეიყვანა და თავს ესხმის სამოქალაქო ობიექტებს, მათ შორის, საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ კორპუსებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button