ევროპამთავარი თემა

ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების განცხადება

უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის შესახებ

ვერსალი, 11 მარტი, 2022

1. ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის მძიმე დარღვევაა, ის ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მას ენით აღუწერელი უბედურება მოაქვს უკრაინელი ხალხისათვის. რუსეთი და მისი თანამზრახველი ბელარუსი სრულად აგებენ პასუხს ამ აგრესიული ომისათვის და პასუხისმგებელი პირები განისჯებიან თავიანთი დანაშაულისათვის, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობისა და ობიექტების მიზანში განურჩეველად ამოღებისთვის. ამ მხრივ, მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას, დაიწყოს გამოძიება. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ატომური სადგურების დაცულობისა და უსაფრთხოების დაუყოვნებლივი უზრუნველყოფისაკენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით. მოვითხოვთ, რომ რუსეთმა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა შეიარაღებული ძალა და სამხედრო აღჭურვილობა, სრულად დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

2. ჩვენ მივესალმებით უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, რომელსაც ისინი საკუთარი სამშობლოს და ჩვენი საერთო ღირებულებების – თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად იჩენენ. ჩვენ მათ არ მივატოვებთ. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები კვლავაც გააგრძელებენ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ რუსული შეტევის დასრულებისთანავე, დემოკრატიული უკრაინის აღსადგენად ყველაფერს ვიღონებთ. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე. ჩვენ უკვე მივიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები და მზად ვართ სწრაფადვე შემოვიღოთ ახალი სასანქციო ზომები.

3. უთვალავი ადამიანი გაურბის ომს უკრაინიდან. ომისგან ლტოლვილებს ჩვენ დროებით დაცვას ვთავაზობთ. ჩვენ მივესალმებით ევროპულ ქვეყნებს, განსაკუთრებით უკრაინის მეზობლებს, რომლებმაც განუზომელი სოლიდარობა გამოიჩინეს და უკრაინელ ლტოლვილებს მასპინძლობენ. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები კვლავაც სოლიდარულად გაუწევენ ჰუმანიტარულ, სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას ყველა ლტოლვილს და ყველა იმ ქვეყანას, ვინც მათ შეიფარებს. ჩვენ ვითხოვთ დაფინანსების ინსტრუმენტების გააქტიურებას “ევროპაში ლტოლვილებისთვის ერთიანი ქმედების” (CARE) წინადადების სასწრაფოდ დასაფინანსებლად და ასევე ReactEU ინსტრუმენტის ფარგლებში. მოვუწოდებთ რუსეთს სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დაკისრებული ვალდებულებები. მან უნდა უზრუნველყოს ომით დაზარალებულ და დევნილ მოსახლეობასთან უსაფრთხო და შეუზღუდავი წვდომა და მისცეს საშუალება მსურველებს, უსაფრთხოდ დატოვონ საბრძოლო მოქმედებების ადგილები.

4. ევროკავშირის საბჭომ ასოცირების ხელშეკრულებით აღიარა უკრაინელი ხალხის ევროპული მისწრაფება და მისი ევროპული არჩევანი. 2022 წლის 28 თებერვალს, გამოიყენა რა უკრაინის მიერ საკუთარი მომავლის არჩევის სუვერენული უფლება, უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საბჭომ დაუყოვნებლივ სთხოვა ევროკომისიას, მოამზადოს თავისი დასკვნა ამ განაცხადის შესახებ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურის თანახმად. ამ დასკვნის მომზადებამდე, დაუყოვნებლივ გავაძლიერებთ უკრაინასთან კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა უკრაინას ევროპული გზის გავლაში დავეხმაროთ. უკრაინის ადგილი ევროპულ ოჯახშია.

5 საბჭომ ასევე მიმართა ევროკომისიას, შეიმუშავოს შესაბამისი დასკვნები მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ გაკეთებული წევრობის განაცხადების შესახებ.

Back to top button