ევროპამთავარი თემა

ევროკავშირში შესვლის პროცედურა

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადი გააკეთა. ერთად შევხედოთ ევროკავშირში წევრობის პროცედურას.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გაწევრება პოლიტიკური პროცესია, ანუ მისი კონკრეტული მიმდინარეობა და ნაბიჯები უფრო ტრადიციითაა განსაზღვრული, ვიდრე კანონით და საბოლოო სიტყვა მაინც წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის საბჭოს (ანუ ქვეყნების ხელმძღვანელების კრებას) ეკუთვნის. ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შემთხევებში, ჩვეული პროცედურა შეიძლება შეიცვალოს. დაგვეთანხმებით, დღევანდელი ვითარება მართლაც ტრაგიკულად განსხვავებულია, ოღონდ ჩვენთვის ჯერ არაა ცნობილი, როგორ მიუდგებიან ევროკავშირის წევრები სამ ახალ განაცხადს – უკრაინიდან, საქართველოდან და ასევე მოლდოვადან.

ევროკავშირში ქვეყნის შესვლის პროცედურის ხანგრძლივობა განსხვავებულია – მაგალითად, თურქეთმა კანდიდატის სტატუსი 1987 წელს მიიღო, მაგრამ მის წევრობაზე ჯერ საუბარიც არაა. თუმცა აქამდე არსებული გამოცდილებით შეგვიძლია დავასახელოთ წევრობისათვის აუცილებელი რამდენიმე ნაბიჯი და მათი თანმიმდევრობა.

1. განაცხადი წევრობაზე

წევრობაზე ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად ევროკავშირის საბჭოს უნდა გაეგზავნოს, ასლი კი ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტებს. როგორც წესი, ოფიციალური განაცხადის გაგზავნამდე ქვეყნები კავშირთან შეერთების სურვილის შესახებ ცალმხრივ განაცხადს გააკეთებენ ხოლმე და მხოლოდ მასზე ევროკომისიის პოზიტიური რეაგირების შემდეგ მიაყოლებენ ოფიციალურ განაცხადს. სავარაუდოდ, უკრაინის განაცხადის მიღებაზე თანხმობის შემდეგ, მსგავსი თანხმობა საქართველოსა და მოლდოვის მთავრობებმა უკვე მიიღეს და ოფიციალური განაცხადიც ამიტომ გააკეთეს.

სამივე ქვეყანას უკვე აქვს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, რაც განაცხადის გაკეთების წინაპირობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. როგორც წესი, მომავალ კანდიდატებთან დადებულ ასოცირების ხელშეკრულებებში ადრე ერთმნიშვნელოვნად ჰქონდათ მითითებული, რომ მათ გააჩნდათ “წევრობის პერსპექტივა”. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა, რადგან არ არსებობდა კონსენსუსი ევროკავშირის წევრებს შორის შემდგომი გაფართოების თაობაზე. სამი ახალი აპლიკანტის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ ომმა უკრაინაში ეს ვითარება შეცვალა.

2. კანდიდატის სტატუსის მინიჭება

აპლიკანტისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად რაიმე განსაკუთრებული პროცედურა არ არსებობს. როგორც წესი, ევროკავშირის საბჭო ფორმალურად აღიარებს ამგვარ სტატუსს ევროკომისიის წარდგინებით.

კანდიდატად აღიარება არ ნიშნავს, რომ წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება, თუმცა ამით მართლაც ფორმალურად იხსნება გაწევრების პროცესი, ხოლო ევროკომისია ყოველწლიურად აჯამებს მიღწეულ წინსვლას და აქვეყნებს დასკვნას.

ევროკომისიის ამ დასკვნებს განიხილავს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი და მათ საფუძველზე პარლამენტი რეზოლუციას იღებს ამა თუ იმ ქვეყნის წინსვლის ხარისხის შესახებ.

სავარაუდოდ, საქართველოსთვის ამგვარი ანგარიშების საფუძვლად უკვე არსებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაში მიღწეული პროგრესი ან მისი არარსებობა შეიძლება იქცეს.

3. წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნა

ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად საჭიროა ევროკავშირის საბჭოზე ერთხმად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც კომისიის დასკვნას დაეყრდნობა. კომისიამ უნდა დაადასტუროს, რომ კანდიდატი ქვეყანა აკმაყოფილებს ე.წ. “კოპენჰაგენის კრიტერიუმებს”.

“კოპენჰაგენის კრიტერიუმები” 1993 წელს დამტკიცდა და მოიცავს პოლიტიკური და ინსტიტუციური მზადყოფნის შესახებ დასკვნებს (მაგ. კანონის უზენაესობა, სასამართლოების დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული მმართველობა), ისევე როგორც დასკვნას ევროპული კანონმდებლობის შესასრულებლად ამა თუ იმ ქვეყნის სამართლებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების მზადყოფნის შესახებ.

4. მოლაპარაკებები

წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს წინ უძღვის ევროკომისიასა და კანდიდატს შორის შეხვედრების სერია, რის დროსაც ფასდება კანდიდატი ქვეყნის თავსებადობა ევროპულ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან (ე.წ. “აკი”(ფრ. acquis), რათა განისაზღვროს მოლაპარაკებებისას შესაძლო პრობლემატური საკითხები. ისლანდიის შემთხვევაში ამ პროცესმა შვიდი თვე გასტანა, ხორვატიის შემთხვევაში – ერთი წელი.

ამ შეხვედრების შედეგების კვალობაზე, ევროკავშირის საბჭო – კვლავაც ერთხმად – იწვევს ქვეყანას, რათა გაიხსნას მოლარაკებები ევროკავშირის კანონმდებლობის მთელს ერთობაზე, რომელიც ექვს თემატურ ჯგუფად და 35 თემატურ თავადაა დაჯგუფებული (მაგ.: სამართალი, თავისუფლება და უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ა.შ.). ამ მოლაპარაკებას ასოცირების კონფერენცია ეწოდება და მას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი (ამჟამად, შარლ მიშელი) თავმჯდომარეობს.

თითოეული თავი ცალ-ცალკე განიხილება და მათი “დახურვა” (ანუ მათ შესახებ მოლაპარაკებების დასრულება) სხვადასხვა დროს მოითხოვს. თუკი ქვეყანა არსებითად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს, ზოგიერთი თავი შეიძლება ერთ დღეშიც დაიხუროს. თითოეულ თავზე საბოლოო შეთანხმებას კვლავ ყველა წევრის კონსენსუსი სჭირდება, ამდენად, ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს, თუკი რომელიმე ქვეყანა ამა თუ იმ მიზეზით ბლოკავს მოლაპარაკებას. მაგალითად, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის მოლაპარაკება წლების მანძილზე იყო ბლოკირებული საბერძნეთს მიერ, რომელსაც არ სურდა, ამ ქვეყანას “მაკედონია” რქმეოდა.

მოლაპარაკებებისას ევროკავშირის პოზიციას ევროკომისია აყალიბებს და ევროკავშირის საბჭო ერთხმად ამტკიცებს. კომისია წინასწარი შეხვედრების სერიის შედეგებზე დაყრდნობით ამზადებს ამ პოზიციას, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას კი კომისიავე ეხმარება კანდიდატ სახელმწიფოს არსებული პრობლემების აღმოფხვრაში – მაგალითად საექსპერტო, ფინანსური ანდა ინსტიტუციური დახმარების გზით.

მოლაპარაკებების პროცესს რეგულარულად იხილავს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი.

5. წევრად მიღება

ქვეყნის წევრად მიღება გაწევრების შესახებ ხელშეკრულების ძალით ხდება, მას ევროკავშირის საბჭო ერთხმად იღებს, ევროკომისიის წარდგინებითა და ევროპარლამენტის დადებითი დასკვნის საფუძველზე.

ამგვარად მიღების შემდეგ, ხელშეკრულების რატიფიცირება ყოველმა წევრმა ქვეყანამ ცალ-ცალკე უნდა მოახდინოს, თითოეული ქვეყნის კანონთან შესაბამისად – ზოგან მთავრობის გადაწყვეტილება საკმარისია, ზოგან პარლამენტის რატიფიკაციაა საჭირო, ზოგან კი – რეფერენდუმი. ამ პროცედურის ხანგრძლივობა პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე იცვლება.

მსგავსი/Related

Back to top button