skip to content
ახალი ამბები

გენ. პროკურორის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავარი პარტნიორი „მხდალია“

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილემ, გიორგი ბადაშვილმა 26 თებერვალს საქართველოს მთავარ პარნტნიორს „მხდალი“ უწოდა. სავარაუდოდ, მან ამერიკის შეერთებული შტატები იგულისხმა, რომელიც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება.

გიორგი ბადაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს Facebook-ზე გამოესარჩლა, რომელიც საზოგადოების მწვავე კრიტიკის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მან თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

„როცა მთავარი პარტნიორი მხდალი გყავს და უიმედოდ ხარ, შენ თავი ხელში უნდა აიყვანო და ზედმეტი არ წამოგცდეს“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით 3.5 მლნ-იან ქვეყანას სანქციების „თავი“ არ აქვს. „რა სანქცია უნდა გამოვიყენოთ რა უნდა ქნას ქვეყანამ ღვინო აღარ გაყიდოს, მანდარინი თუ ფულად გზავნილებზე უნდა თქვას უარი? რატომ გვაქვს ამხელა ამბიცია?“, – იკითხა ბადაშვილმა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს რომ ეთქვა „დავადებთ რუსეთს სანქციებს, ვაგინებთ დამპყრობელს, იმპერიალისტს, სატანის მოციქულს და ბოლოს და ბოლოს დაწყევლიდა მაინც“, ორ დღეში აღებულ თბილისს ვნახავდით.

მისივე ვარაუდით, მსგავს შემთხვევაში, სტრატეგიული პარტნიორები მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავდნენ, საპირწონედ კი – მივიღებდით ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფილ მოქალაქეებს და „დახოცილ სამხედროებს“.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე მითითებით, ბადაშვილმა თქვა, რომ მაშინ „ჩვენმა სამხედეოებმა 5-6 დღე იომეს და უკრაინამ 45 მილიონიანმა ქვეყანამ ფაქტობრივად 3 დღე“.

„ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა სიმართლე, ოღონდ ძალიან პირდაპირ და არავის დაუმალა“, – თქვა ბადაშვილმა და დასძინა, პრემიერი „ქვეყანაზე ზრუნავს იმისთვის, რომ ხვალ, თქვენ, ვინც ეხლა პროტესტს გამოთქვამთ, გასაქცევი არ გახდეთ ქვეყნიდან, როგორც უკრაინის მოსახლეობის 90% გაიქცა ლვოვის გავლით, პოლონეთში“.

„მთავრობა სწორედ მოქმედებს ამ შემთხვევაში და აცადეთ, სანამ რუსული ჩექმა მოგხვდათ ცხვირპირში!“, – განაცხადა ბადაშვილმა.

ბადაშვილმა აღნიშნული მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის მიერ Facebook-ით გუშინ გამოქვეყნებული პოსტის კომენტარების სექციაში დაწერა.

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილს ნინო გიორგობიანიც გამოექომაგა და მისი პოზიციის დაცვას ეცადა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button