skip to content
ახალი ამბები

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთი იმპერიის აღდგენას არ გეგმავს 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კრემლში სტუმრად მყოფი აზერბაიჯანელი კოლეგა, ილჰამ ალიევი დაარწმუნა, რომ რუსეთი იმპერიის აღდგენას უწინდელ საზღვრებში არ გეგმავს.

პუტინის განცხადებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა მისი ერთსაათიანი გამოსვლა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თაობაზე, რა დროსაც, მან უკრაინის სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა და კომუნისტები „სსრკ-ის სახელით ცნობილი ისტორიული რუსეთის დაშლაში“ დაადანაშაულა.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა ახალი გეოპოლიტიკური რეალობები აღიარა და აქტიურად მუშაობს პოსტ-საბჭოთა სივრცეში აღმოცენებულ ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე“, – განაცხადა მან.

„ისეთ მწვავე სიტუაციებშიც კი, როგორიცაა, მაგალითად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება, ჩვენ ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდით, პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ, რომელიც ყაზახეთის ხელისუფლებას იანვრის სისხლიანი საპროტესტო აქციების ჩახშობაში ეხმარებოდა, აჩვენა, რომ „რუსეთი მხოლოდ მხარს უჭერს მეზობლების სუვერენიტეტსა და მას ყველა შესაძლო გზით აძლიერებს“.

თუმცა, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ „უკრაინაში [2014 წლის] სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, უკრაინასთან ურთიერთქმედების ასეთ დონეს და ხარისხს ვეღარ ვხედავთ – მინდა ხაზი გავუსვა – სწორედ სახელმწიფო გადატრიალებისა და იმ პირთა მიერ ხელისუფლების უკანონოდ მიტაცების შემდეგ, ვინც ეს გააკეთა“.

„ვაპირებთ, რომ მეზობლებთან ეს მუშაობა გავაგრძელოთ“, – აღნიშნა პუტინმა და გაიმეორა, რომ „სიტუაცია უკრაინასთან მიმართებით განსხვავებულია“.

მისივე თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ უკრაინის „ტერიტორიას მესამე ქვეყნები, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შესაქმნელად იყენებენ“.

გუშინ, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების კვალდაკვალ, პუტინის ბრძანებით ორივე ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალები შევიდნენ.

მანამდე, 2014 წლის მარტში, რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა.

საქართველოს ხელმძღვანელმა პირებმა დონბასის აღიარება წუხელ ღამითვე დაგმეს და განაცხადეს, რომ მოსკოვი საქართველოში 2008 წელს გამოცდილ სცენარს იმეორებს.

2008 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ხუთდღიანი ომიდან მალევე აღიარა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button