ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი გაერთიანებულ სამეფოს სტუმრობს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 8-11 თებერვალს გაერთიანებულ სამეფოს სტუმრობს, სადაც იგი 9 თებერვალს პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატების თევმჯდომარეებს – ჯონ მაკფოლსა და ლინდსი ჰოილს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ლორდთა პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს და საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ასევე 9 თებერვალს ლინდსი ჰოილთან შეხვედრაზე თავმჯდომარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობაზე იმსჯელეს, მათ შორის, თავდაცვის მიმართულებით, ასევე საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მათ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, უკრაინის მიმართ საქართველოს პარლამენტის „მტკიცე მხარდაჭერასა“ და პარლამენტის მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრეს.

თავის მხრივ, ლინდსი ჰოილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო მოსაზრებათა გაცვლა არსებულ საფრთხეებზე – „იმ საკითხებზე, რაც ჩვენ გვაერთიანებს“, აგრეთვე მიმდინარე მოვლენების ფონზე იმაზე მსჯელობა, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს ერთმანეთის დახმარება.

თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდჰატთან შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ თბილისისა და ფართოდ რეგიონის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების ფონზე, გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას განაგრძობს.

თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ტობიას ელვუდთან და კომიტეტის სხვა წევრებთან შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებაში გაერთიანებული სამეფოს ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ყველა პარტიული ჯგუფის თავმჯდომარეს, ჯონათან ჯანოგლისაც შეხვდა.

იმავე დღეს, მოგვიანებით, შალვა პაპუაშვილი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრემიერ ბორის ჯონსონის მრჩეველს, დევიდ ქუერის შეხვდა. „ჩვენ მას მოვახსენეთ ჩვენი შეხედულება იმის შესახებ, თუ რა რისკებს შეიცავს უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება საქართველოსთვის და როგორ შეიძლება ამან გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა.

ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ბრიტანული კვლევითი ცენტრის – The Royal United Services Institute-ის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეხვდება ხაზინის საპარლამენტო მდივანს, კრის ჰიტონ-ჰარისს, ასევე ლონდონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს, რიჩარდ ბერჯს და დემოკრატიისთვის უესტმინსტერის ფონდის (Westminster Foundation for Democracy) აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი სმიტს.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში ასევე იმყოფებიან – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე – ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი; აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე – ნინო წილოსანი; სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატი, თეონა აქუბარდია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button