ახალი ამბები

აშშ-ის ყოფილი ჩინოსნის თქმით, ქართული ოცნება რუსეთთან მეტ სიფრთხილეს იჩენს 

„მოსკოვმა ევრაზიაში წარმატებით დაიმკვიდრა დომინანტული პოლიტიკური ძალისა და უსაფრთხოების მიმწოდებლის ადგილი. ამჟამინდელი უკრაინისგან განსხვავებით, სხვა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები იძულებულნი იყვნენ ან უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინათ მოსკოვთან პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროებში, ან უფრო ნეიტრალური, მარგინალური საერთაშორისო სტატუსი მოეპოვებინათ“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა წარმომადგენელმა, ფიონა ჰილმა.

აშშ-ის სენატის ჰელსინკის კომისიის გუშინდელ სხდომაზე გამოსვლისას, ფიონა ჰილმა საქართველოს მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ „2008 წელს რუსეთის შეჭრიდან 14 წლის თავზე, მოქმედი [ქართული ოცნების] ხელისუფლება მეტ სიფრთხილეს იჩენს რუსეთთან, ვიდრე მისი წინამორბედები“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მუდმივი უსიამოვნების წყარო იყო მოსკოვისთვის, ამჟამად თბილისის ციხეშია, მას შემდეგ, 2021 წლის ოქტომბერში წინდაუხედავად დაბრუნდა საქართველოში“.

„მართალია, ეს რუსეთის პირდაპირ დამსახურებად ვერ ჩაითვლება, მაგრამ რუსეთის ოფიციალური პირები და მიმომხილველები ხშირად იყენებენ სააკაშვილს და მის ბედს გამაფრთხელებელ ამბად დანარჩენი რეგიონისთვის, მათ შორის, უკრაინისთვის“, – დასძინა ჰილმა.

ფიონა ჰილი ამჟამად ბრუკინგსის ინსტიტუტში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ცენტრის უფროსი მკვლევარია.

2017-2019 წლებში, ტრამპის ადმინისტრაციაში, იგი პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილედ მსახურობდა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპისა და რუსეთის საკითხებში უფროსი დირექტორის თანამდებობა ეკავა.

მანამდე, 2006-2009 წლებში, ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, იგი ეროვნული დაზვერვის საბჭოში რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში ეროვნული დაზვერვის ოფიცერი იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button