ახალი ამბები

ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის მეთაურის მოადგილე საქართველოს სტუმრობს

ნატოს დელეგაცია გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის მეთაურის მოადგილის, ბრიგადის გენერალ იოჟეფ სპიშიაკის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოვიდა, სადაც 2022 წლის მარტში დაგეგმილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების მზადება მიმდინარეობს.

ქართულმა მხარემ, რომელიც სწავლებას დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის ჩათვლით უხელმძღვანელებს, დელეგაციას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უმასპინძლა, სადაც სამდღიანი შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

ბრიგადის გენერალმა იოჟეფ სპიშიაკმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან და ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან.

ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ მხარეებმა მოახლოებული წვრთნების დეტალებზე, ასევე სამხედრო წვრთნებისა და განათლების მიმართულებით ნატო-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

თავის მხრივ, ბრიგადის გენერალმა სპიშიაკმა იმედი გამოთქვა, რომ წვრთნები წარმატებული იქნება. „გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრი მზადაა მხარი დაუჭიროს პარტნიორებს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს 2022 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების აღსრულების ფაზაზე“, – აღნიშნა მან.

ბრიგადის გენერალი სპიშიაკი ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრსაც ესტუმრა და ქართველი სამხედროების საველე მომზადებას დაესწრო.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდება. სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ხორციელდება და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. სწავლებაში მონაწილეობას ოცზე მეტი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ.

ბოლო ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება 2019 წლის მარტში, პირველი კი – 2016 წელს გაიმართა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button