Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერი და პრეზიდენტი ყაზახეთში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულნი არიან

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეშფოთება გამოხატეს გასულ კვირას ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო, სადაც საწვავზე ტარიფის ზრდის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი დარბევებსა და მასობრივ დაკავებებში გადაიზარდა, რასაც 164 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

10 იანვარს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც ყაზახეთში განვითარდა“ და იმედი გამოთქვა, რომ „ყველა ზომა იქნება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბოლოოდ დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით“.

მანვე „მოძმე“ ყაზახეთსა და ყაზახ ხალხს კრიზისის შედეგების დაძლევა და „შემდგომი განვითარების მიმართულებით“ სვლის გაგრძელება უსურვა.

„ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციის გამო“, – დაწერა 8 იანვარს Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მანვე ძალადობა დაგმო და სწრაფი დეესკალაციის იმედი გამოთქვა.

„მოქალაქეთა უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა მანვე და დასძინა, რომ „ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება“.

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო ნურ-სულთანიდან, ყაზახეთის დედაქალაქიდან ქუთაისის აეროპორტით საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა, აქთაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტით კი – 60. საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართველოს საელჩო ყაზახეთში მზად არის საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისი დახმარება გაუწიოს და სურვილის შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმაროს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყაზახეთში დარჩენილი მოქალაქეები საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button