ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 21-23 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას სტუმრობს, სადაც იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და კოლეგას, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 დეკემბერს, პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი, ასევე თურქეთთან თანამშრომლობით სამმხრივი ფორმატები განიხილეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის. ამ კონტექსტში მან საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტ ალიევის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით. ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ ბაქოში მინისტრ ბურჭულაძის ვიზიტი ხელს შეიწყობს ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომ გაფართოებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 22 დეკემბერს, აზერბაიჯანელ კოლეგა ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების მიმართულებით თანამშრომლობის, ასევე თურქეთის ჩართულობით სამმხრივი წვრთნების საკითხზე იმსჯელეს. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ზაქირ ჰასანოვმა ქართველ კოლეგას უთხრა, ორ ქვეყანას შორის მაღალ დონეზე თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტია.

ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის 2022 წლის გეგმას მოაწერეს ხელი.

ბაქოში ჯუანშერ ბურჭულაძის ვიზიტს წინ უძღვოდა 20 დეკემბერს საქართველოში სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სტუმრობა, რა დროსაც, ორი ქვეყნის პრემიერებმა სხვა საკითხებთან ერთად, „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზეც“ იმსჯელეს.

მანამდე, მაისში, საქართველოსა და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება შედგა. შედეგად აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და სანაცვლოდ ერევანმა ბაქოს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button