skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ხანგოშვილის მკვლელობაზე გერმანული სასამართლოს განაჩენს ეხმიანება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანული სასამართლოს განაჩენს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს“.

სამინისტროს ვებგვერდზე 15 დეკემბრით დათარიღებული მოკლე განცხადება ქართულ მედიაში მხოლოდ დღეს გავრცელდა. „სამოქალაქო საქართველომ“ განცხადების უფრო ადრინდელი პუბლიკაცია სანდო მედიასაშუალებაში ვერ მოიძია.

განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გერმანიის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობდა და „თავიდანვე საჯაროდ გამოეხმაურა მკვლელობის ფაქტს“.

გერმანულმა სასამართლომ 15 დეკემბერს დაადგინა, რომ მოსკოვის მიერ ტერორისტად მიჩნეული ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში 2019 წელს რუსეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მკვლელობაზე საჯარო პასუხის გაუცემლობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავრობა ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა.

ყოფილმა დეპუტატმა და ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა სამინისტრო 16 დეკემბერს გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ის, რომ საქართველოს რეალურად არაფერი უთქვამს არც მის მკვლელობაზე, არც გერმანული სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვები“.

ქართული მედია ლელოს წევრის, გრიგოლ გეგელიას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხანგოშვილის საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს „სრული დუმილი, ალბათ, საუკეთესო დასტურია იმ სამარცხვინო, კაპიტულანტური პოლიტიკისა, რასაც ხელისუფლების საგარეო კურსი განასახიერებს“.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგელიას კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი „არ არის თანმიმდევრულად ინფორმირებული საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობისა და სხვადასხვა საკითხზე უწყების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ და ისე აკრიტიკებს სამინისტროს საქმიანობას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button