ახალი ამბები

კონგრესმენები საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობენ

რვა ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, კეტრინ ტაის წერილით მიმართეს და საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების შემდგომი გაძლიერების საკითხის განხილვისკენ მოუწოდეს.

წერილის გამოქვეყნებას წინ უძღვოდა ქართული ოცნების დეპუტატების დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში გასულ კვირას და მას ხელს აწერენ კეროლ მილერი, ადამ კინზინგერი, სტივ უომეკი, ჯონ როუზი, ჯიმი გომესი, ჯერალდ კონოლი, დენ კრენშოუ და ალექს მუნი.

კონგრესმენებმა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების „მნიშვნელოვანი“, „იდეალური“ და „ღირებული“ მოკავშირე უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ აშშ-სთან ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები ხელს შეუწყობს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც საქართველომ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის უნდა გაატაროს.

აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებებზე საუბრისას, კონგრესმენებმა „მყარი საფუძველის“ არსებობას გაუსვეს ხაზი, რომელსაც ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები უნდა დაეყრდნოს.

კონგრესმენების თქმით, რეგიონში ჩინეთის აღმავლობის, ასევე და რუსეთისა და ირანის მხრიდან „მზარდი და სახიფათო [გავლენების]“ ფონზე, აშშ-სა და საქართველოს შორის ძლიერი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იქნებოდა „მძლავრი სიგნალი, რომ ამერიკის დემოკრატიული ღირებულებები და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული წესები კვლავ ძალაშია და მოქმედებს იქ, სადაც ჯერ კიდევ მყარადაა ფეხმოკიდებული ავტორიტარული სისტემები“.

კონგრესმენებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველოსთან უფრო ძლიერი ეკონომიკური კავშირები ამერიკულ საქონელსა და მომსახურებებს გზას გაუხსნიდა სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, ვინაიდან აშშ-ს არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები რეგიონის ქვეყნებთან.

წერილი ქართული ოცნების დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ 11 დეკემბერს გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ის ეხებოდა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.

ქართველი დეპუტატების დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და პირველი მოადგილე, ასევე ირაკლი ბერაია, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, შეხვედრები ვაშინგტონში 7-10 დეკემბერს გამართა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ ადამ სმიტთან და კონგრესმენ ჯონ გარამენდისთან, წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათანათავმჯდომარესთან, ადამ კინზინგერთან, ასევე კონგრესმენებთან – სტივ შაბოსთან, დევიდ სისილინთან, დონ ბეიკონთან და სხვებთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ასევე შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპის და ევრაზიულ საკითხებში, ერიკა ოლსონს და ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორს, დერეკ მიტჩელს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button