skip to content
ახალი ამბები

პროკურორების „შეურაცხყოფისთვის“ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურორების „შეურაცხყოფისთვის“ გამოძება დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, ნიკა გვარამიამ პროკურორებს „შეურაცხმყოფელი სიტყვებით“ მიმართა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 180-200 სთ-მდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან 1 წლამდე პატიმრობით.

პროკურატურა მომდევნო სხდომაზე სასამართლოსთვის ნიკა გვარამიას სხდომათა დარბაზიდან გაძევების შუამდგომლობით მიმართავს. ასევე, საგამოძიებო უწყებამ გვარამიას მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას უკვე მიმართა.

ნიკა გვარამიას პასუხი

პროკურატურის განცხადების საპასუხოდ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება კიდევ ერთი „შეკერილი“ საქმეა, რაც მას „არ აინტერესებს“ და, მით უფრო, „არ აშინებს“.

„თალეთ კომბლებივით ეგ საქმეები და ჭერში აწყვეთ. ამ განცხადებით მხოლოდ იმას მიაღწიეთ, რომ საზოგადოება მორიგ ჯერზე დაგცინით“, – თქვა მან და დასძინა – „ასევე ჩირქი მოცხეთ საკუთარ უწყებას და თანამშრომლებს, რომლებიც ჩემს მიერ დაჩმორებულ და დაშინებულებად გამოიყვანეთ“.

გავარმიამ ასევე განმარტა, რომ მას პროკურორებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და გავრცელებულ კადრებშიც კარგად ჩანს. „გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ხომ არიან სამაგიეროდ ყველანი გამოკვლევებულები“, – დასძინა მანვე.

ნიკა გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ იგი დაელოდება, ადვოკატთა ასოციაციისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ პროკურატურის მოთხოვნების დაკმაყოფილებით, მას მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფლების განხორციელებაზე უარს „უკანონოდ და უსაფუძვლოდ“ ეტყვიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button