skip to content
ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაური გირაოთი გაათავისუფლეს

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური, რომელიც აგვისტოში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს, 29 ნოემბერს 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაცია თელავის რაიონულმა სასამართლომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა.

ზვიადაურს, რომელმაც 2004 წელს საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა, 16 აგვისტოს, სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობა ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე პირს, მათ შორის, ზვიადაურს, შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, კენჭოშვილმა ორი პირი დაჭრა, ორი კი მოკლა, მათ შორის, ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური და კიდევ ერთი პირი, ვასილ ცოცხალაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს პირველად სწორედ ამ უკანასკნელმა ისროლა.

ზვიადაურის ადვოკატების თქმით, სპორტსმენმა თავდაცვის მიზნით გაისროლა და იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს. თუმცა, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ზვიადაურს შურისძიება სურდა.

აგვისტოში, ზვიადაურთან ერთად, პოლიციამ კიდევ ერთი პირი, ჯაბა ჯანგირაშვილი დააკავა, რომლის იარაღიც, შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტის დროს ცოცხალაშვილმა გამოიყენა. ჯანგირაშვილს ბრალად წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. გუშინ იგი სასამართლო 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას „გაუგებარი“ უწოდა. 29 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, პროკურატურამ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან.

ამიტომ, საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა.

„აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში“, – განაცხადა პროკურატურამ.

თავდაპირველად, ზვიადაურის დაპატიმრებას ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგიერთები, მათ შორის, რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი და ასევე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი ზვიადაურს მხარდაჭერას უცხადებდნენ და მას თავდებშიც უდგებოდნენ. სხვები კი – შიშობენ, რომ კონტაქტების წყალობით, შესაძლოა, ზვიადაურმა მართლმსაჯულების აღსრულებას თავი აარიდოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button