ახალი ამბები

ხელისუფლებას სააკაშვილის მოპყრობისა და კადრების გავრცელების გამო აკრიტიკებენ

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების გამო, სადაც მკაფიოდ არის ნაჩვენები ციხის თანამშრომლების მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში იძულებით შეთრევა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.  ნაბიჯი მკაცრად დაგმეს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, შეწყვიტონ ყოფილი პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და „პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“.

აღნიშნა რა, რომ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება „კატეგორიულად მიუღებელია“, სახელმწიფო ინსპექტორმა განაცხადა, რომ ეს ასევე საფრთხეს უქმნის სამსახურის მიერ ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კადრები მტკიცებულებას წარმოადგენს.

პენიტენციური სამსახური ვიდეოჩანაწერების „დაუსაბუთებლად“ გავრცელებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ გააკრიტიკა. საია-ს კრიტიკის საგანი გახდა შესაბამისი ორგანოს მიერ „მსჯავრდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის, პატივისა და ღირსების“ უფლების უგულებელყოფა სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის მოწოდებების მიუხედავად.

ღია საზოგადოების ფონდი – საქართველოს დირექტორის, ქეთი ხუციშვილის განცხადებით, კადრების გამოქვეყნებით სახელისუფლებო ორგანოებმა „აშკარად გვაჩვენეს, როგორ ამცირებდნენ“ და „როგორ არაადამიანურად ეპყრობოდნენ“ ყოფილ პრეზიდენტს. მისივე თქმით, კადრები არის „პირდაპირი მტკიცებულება“ სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის, რომ იქ მოხდა „უმძიმესი დარღვევა [ყოფილი] პრეზიდენტის უფლებებისა“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ვიდეოჩანაწერების გავრცელებას „ერთი ადამიანის წინააღმდეგ პირადი შურისძიება“ უწოდა, კერძოდ კი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც „უსამართლო სასამართლოთი“ სარგებლობის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ კადრების გასაჯაროებით ხელისუფლებას, სავარაუდოდ, სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერის გამწარება სურს. მან ასევე ისაუბრა კადრებით „სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევის“ შესაძლო მიზანზეც.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის „მიზანი აშკარად იყო პოლიტიკური დამცირება, დაშინება, რევანში ამ კრიმინალური კულტურის, რომელსაც ეყრდნობა [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმი“. მანვე დასძინა, რომ გამოქვეყნებული კადრები გაგრძელებაა ამავე რეჟიმის ინტერესების, „რომელიც ქვეყნის შიგნით შავბნელ ძალებს და ქვეყნის გარეთ ჩვენი ქვეყნის მტერს ახარებს“.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება ვიდეოჩანაწერების გამო. „როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან“, – დაწერა მან „ფეისბუქზე“.

მმართველი პარტია იძულებით გადაყვანასა და კადრების გავრცელებას ამართლებს

“ხალხმა უნდა იცოდეს, რა მოხდა რეალურად, რომ არ იყო იქ [სააკაშვილის] თმებით თრევა, მუშტი-კრივი, ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო იმ ციხეებში, რომელთაც სააკაშვილი განაგებდა“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, „როდესაც პატიმარი, სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, წინააღმდეგობას უწევს, რასაკვირველია, აი ამ მეთოდით მისი შეყვანა იმ ადგილას, სადაც არის განწესებული, დასაშვებია“.

„თუმცა სასიამოვნო საყურებელი ნამდვილად არ არის…“, – დასძინა მანვე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ „პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მან, სამწუხაროდ, უარი განაცხადა შესვლაზე და სამწუხაროდ, ბადრაგს მოუწია ის გადაეყვანა იძულებით, მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობის გამო“.

დეპუტატისვე განცხადებით,  საზოგადოებამ ვიდეოჩანაწერებით ასევე დაინახა, თუ როგორ აყენებს „40 დღეზე [მეტხანს] მოშიმშილე ადამიანი“ ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომლებს და ასევე დადასტურდა ის, რომ სააკაშვილის „შიმშილობის ფაქტი არის სპეკულაცია“, როგორც ამას მმართველი გუნდი ამტკიცებდა.

მეტი ინფორმაციისთვის:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button