ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი კვიპროსს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9-10 ნოემბერს კვიპროსს სტუმრობდა. ეს საქართველოს პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტია კვიპროსის რესპუბლიკაში.

9 ნოემბერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს ანასტასიადესს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა რიგი საკითხები განხილეს, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობები და კვიპროსის მიერ საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს მოახლოებულ შეხვედრაზე და დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოსთვის კვიპროსის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საქართველოს პრეზიდენტმა დეკემბრის სამიტს მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ „დავინახავთ საითკენ მივდივართ“ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ხელისუფლება 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს.

„ჩვენ ველოდებით არა მხოლოდ პოლიტიკურ გზავნილებს, არამედ ველოდებით სამოქმედო გზას, დავინახოთ საითკენ მივდივართ, კონკრეტულ ნაბიჯებს, იქნება ეს სექტორული ინტეგრაციისკენ, თუ — ინფრასტრუქტურული პროექტები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. „ჩვენთვის ერთი პრინციპია გარდაუვალი – არც ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ან ფორმატი არ უნდა არსებობდეს ამ რეგიონში, სადაც არ იქნება ჩართული ევროკავშირი“.

კვიპროსის მაგალითზე საუბრისას, რომელიც ევროკავშირის წევრი 2004 წელს გახდა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კვიპროსმა „გაიარა ის გზა, რომელზეც ჩვენ დღეს ვდგავართ“ და „მან იცის, როგორ უნდა გაიარო ეს გზა, რამდენადაა ეს დამოკიდებული შიგნით ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერაზე და არა მხოლოდ რამდენიმესი“.

ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა კვიპროსს საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის ჩუქებისთვის, სადაც ქართული მონასტერი აშენდება. „ეს ძალიან სიმბოლური ნაბიჯია, რამეთუ ჩვენ უფრო მიჩვეული ვართ იმას, რომ გვართმევენ ტერიტორიებს, ვიდრე იმას, რომ გვჩუქნიან ტერიტორიებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ანასტასიადესმა 9 ნოემბერს Twitter-ზე დაწერა, რომ ორ ქვეყანას „საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობა და მეგობრობის ტრადიციული კავშირები აქვს“. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის დისკუსიები გახდება პლატფორმა არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. მათ ასევე განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, ასევე, საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის კულტურული ღონისძიებებით აღნიშვნის ინიციატივა და გლობალური გამოწვევების დასაძლევად პატარა ქვეყნების ერთად დგომის მნიშვნელობა.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ანიტა დემეტრიოუსს და ქართულ დიასპორას.

ზურაბიშვილის ვიზიტის დროს კვიპროსში მცხოვრებმა ქართველებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციაც გამართეს. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი შენობის წინ, სადაც საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება, ქართველები ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის „მონას“ ეძახიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button