ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში ვიზიტს განაგრძობს

სამხრეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი, რომელიც თბილისში 4 ნოემბერს ჩამოვიდა, საქართველოს დედაქალაქში შეხვედრებს განაგრძობს. 8 ნოემბერს იგი ქართული ოცნების დეპუტატებს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრები ქართული ოცნების დეპუტატებთან  

მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმას, უსაფრთხოებას, რეგიონში არსებულ ვითარებას.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ჩვენ ყველა თემაზე გვქონდა საუბარი და ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა დღის წესრიგი, ეს უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი, ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი“.

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ აშშ მზად არის განაგრძოს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის მხარდაჭერა. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, სასამართლო რეფორმა სისტემის მესამე და მეოთხე ტალღის რეფორმების ანალიზით გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით განაგრძოს სასამართლო რეფორმა.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს და მის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა.

სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, ასევე შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.

„მხარეებმა გამოხატეს მზაობა განაგრძონ მუშაობა აშშ-საქართველოს პარტნიორობის გასაღრმავებლად ყველა პრიორიტეტული მიმართულებით“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესრელიზში.

შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან  

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა ნინო ევგენიძემ განაცხადა, რომ ოლსონთან შეხვედრაზე მათ რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის არჩევნებისშემდგომი „პოლიტიკური კრიზისი“, საარჩევნო რეფორმა, „დემოკრატიის უკუსვლა“ და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ბედი. ევგენიძემ აღნიშნა, რომ ყურადღება ასევე გამახვილდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე.

ვიზიტის ფარგლებში, 9 ნოემბერს ასევე დაგეგმილია ერიკა ოლსონის შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან. მანამდე, 4 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button