ახალი ამბები

ღარიბაშვილმა გლაზგოში ვიზიტი დაასრულა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 1-2 ნოემბერს გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობა მიიღო და სიტყვითაც გამოვიდა.

სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი თავის სლოვენიელ და ნიდერლანდელ კოლეგებს, ასევე ავსტრიის ახლადდანიშნულ კანცლერსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა.

1-ელ ნოემბერს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო 2030 წლისთვის იღებს ვალდებულებას, 1990 წლის დონესთან მიმართებით სასათბურე აირების ემისიის ნახევარზე მეტით შემცირებაზე“ და დასძინა, რომ მისი ქვეყანა დასახულ მიზანს მიაღწევს „განახლებადი ენერგიის სექტორში დივერსიფიკაციით, ქარისა და მზის ენერგიის წილის გაზრდით საერთო ენერგეტიკულ ბაზარზე; ქვეყნის ურბანული მობილობის ტრანსფორმაციით; დაბალ-ნახშირბადიანი მიდგომების დანერგვით მშენებლობის, მრეწველობისა და ნარჩენების მართვის სფეროებში; კლიმატზე მორგებული ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებით“.

შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან

1 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, იანეზ იანშას შეხვდა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი განიხილა. მხარეებმა იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისა და პარტნიორებისადმი დიფერენცირებული მიდგომის პრინციპის გამოყენების აუცილებლობაზე, ასევე ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის მეტი პრაქტიკული მექანიზმის შეთავაზების მნიშვნელობაზე.

თავის მხრივ, სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს სლოვენიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ძალისხმევას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ასევე პირველ ნოებერს საქართველოს მისწრაფება ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტი განიხილა პრემიერმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, ალექსანდერ შალენბერგთან შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ და განაცხადა, რომ ქვეყანა განაგრძობს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას.

იმავე დღეს, ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა გამოხატეს ორმხრივი ინტერესი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და საზღვაო სფეროში. ამავე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს „ამბიციურ მიზანზე“, 2024 წელს გააკეთოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტთან, ოდილ რენო-ბასოსთან შეხვედრაზე, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ქართული დელეგაციის წევრები ასევე იყვნენ – ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button