skip to content
ახალი ამბები

საარჩევნო უბნები გაიხსნა, ხმის მიცემა დაიწყო

30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებისთვის 1 830 საარჩევნო უბანი ზუსტად 08:00 სთ-ზე გაიხსნა და 20:00 სთ-ზე დაიხურება.

ცესკოს ცნობით, მეორე ტურებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს, მათ შორის, 1 002 525 თბილისში. 

მეორე ტურში ამომრჩევლები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს, 24 სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში კი – 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

მერობისთვის ოთხი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებენ, მაჟორიტარობისთვის კი – 9 პარტიის წარმომადგენელი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამომრჩევლს ასევე მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 საარჩევნო უბანი, აგრეთვე სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩეველისთვის შექმნილი 29 სპეციალური უბანი. ამ უკანასკნელთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის 23-25 ოქტომბრის პერიოდში უნდა მიემართათ.

ამასთან, მეორე ტურებს დააკვირდება – საარჩევნო სუბიექტების 5 309 წარმომადგენელი; 100 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 35 198 დამკვირვებელი; 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 102 დამკვირვებელი; 119 მედიაორგანიზაციის 3 711 წარმომადგენელი.

არჩევნების მეორე ტურში კანდიდატებს ფიქსირებული ბარიერის გადალახვა აღარ მოუწევთ და გამარჯვებული ის კანდიდატი იქნება, რომელიც ამომრჩევლის მეტ ხმას მიიღებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button