skip to content
ახალი ამბები

„საია“-მ 2 ოქტომბრის არჩევნებზე მე-3 შუალედური ანგარიში მოამზადა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 28 ოქტომბერს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მე-3 შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 25 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის მონიტორინგის შედეგებს ფარავს.

საანგარიშო პერიოდში „საია“-სთვის ცნობილი გახდა სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ექვსი ძალადობრივი ფაქტის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის ორი შემთხვევის, ბანერების დაზიანების არაერთი შემთხვევის, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ერთი შემთხვევის, თანხმობის გარეშე პირთა პარტიულ სიებში დარეგისტრირების ორი შემთხვევისა და ამომრჩეველთა ნებაში სავარაუდო ჩარევის ერთი შემთხვევის შესახებ.

ორგანიზაციამ ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში სამი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა: პარტია საქართველოსთვის წევრის, ჯონდო კაპანაძის მიერ ქართული ოცნების კოორდინატორზე, ნონა გრიგალაშვილზე განხორციელებული თავდასხმა; მარნეულში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, როვშან ისკანდიროვის ცემა და პარტია საქართველოსთვის ცაგერის მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილის დაცხრილვა.

რაც შეეხება 30 ოქტომბრის მეორე ტურების წინასაარჩევნო პერიოდს, „საია“-მ ნაციონალური მოძრაობის წევრ ნიკა ბაჩილავასა და ევროპული საქართველოს წევრ ვახტანგ ქებაძეზე თავდასხმის შემთხვევებზე, ასევე ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატის მხარდამჭერებსა და ოპონენტებს შორის პარტიის ოფისის წინ მომხდარ ჩხუბზე გაამახვილა ყურადღება.

პოლიტიკური პარტიების საქმიანობების ხელის შეშლასთან დაკავშირებით, „საია“-მ აღნიშნა, რომ 14 ოქტომბერს თბილისში ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან მომავალ ავტოკოლონებს არაერთ ადგილზე მოწინააღმდეგეები დახვდნენ. ორგანიზაციის თქმით, კადრებში ჩანს, როგორ აგინებენ ისინი ავტომანქანებში მსხდომ პირებს, ესვრიან ცოცხებსა და დროშის ტარებს. „საია“-მ ასევე განაცხადა, რომ შპს „ალმას“ მიერ ევროპული საქართველოს სარეკლამო მასალის განთავსებაზე უარი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაა.

ორგანიზაციის განცხადებით, ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის სარეკლამო ბანერებისა დ პოსტერების დაზიანების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვას, „საია“-მ განაცხადა, რომ 27 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ძიმითის, ასკანისა და ნაგომარის საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ტიტე მგელაძემ სოფელ ძიმითის ერთ-ერთ უბანს წყლის ცისტერნები, სავარაუდოდ, საჩუქრად გადასცა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კოკა კაპანაძემ და სოფიო ჯოჯუამ აღმოაჩინეს, რომ ისინი მათი თანხმობის გარეშე ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის პროპორციულ სიებში იყვნენ დარეგისტრირებულნი. „საია“ მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი, სავარაუდოდ, შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის – ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ნიშნებს. ნაციონალური მოძრაობის მიერ 30 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით, „საია“-მ განაცხადა, რომ ქართული ოცნების წევრებმა ნაციონალური მოძრაობის ათეულობით მხარდამჭერს პირადობის მოწმობები მოტყუებით ჩამოართვეს, რაც არჩევნებში ნების გამოვლენის სავარაუდო ხელშეშლის ფაქტს წარმოადგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button