ახალი ამბები

თავდაცვის უწყების თქმით, „ფორმულას“ წილის დაყადაღების მოთხოვნა „არც კი დაუშვია“

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ „კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, ამიტომ „არც კი დაუშვია იმის ალბათობა“, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ „სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა [„ფორმულას“] წილის დაყადაღება“.

სამინისტროს განცხადება, კეზერაშვილის ადვოკატის ვარაუდს მოჰყვა, რომ უწყების მხრიდან თავდაცვის ყოფილის მინისტრის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის მიზანი, შესაძლოა, ტელევიზიის წილების დაყადაღება და ამ გზით კრიტიკული მედიის გაჩუმება ყოფილიყო. დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 51%-იან წილს ფლობს.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილი იმ კომპანიებს, რომლებიც ქვეყნისთვის „საზიანო“ საქმიანობას ეწევიან, „სახელმწიფოსგან მიტაცებული“ თანხებით აფინანსებს, „საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, ტელეკომპანია „ფორმულადან“ ზიანის ანაზღაურების ალბათობა არ არსებობს.

„მითუმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს“, – დასძინეს უწყებაში და მოუწოდეს ყველას „აღკვეთოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“.


თავდაცვის სამინისტრომ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ 7 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და მისი მინისტრობის დროს, უწყების სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button