რესპუბლიკა 100

კავკაველი: საიდუმლო ომი დარიალის კართან

 

„კავკაველი“

1920 წლის ივნისის დასაწყისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსმა პოლკოვნიკმა ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვმა, სამხედრო დაზვერვის ოფიცერი – პეტრე ფავლენიშვილი დაიბარა და მეტად სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმე დაავალა. პეტრე ფავლენიშვილს, რომელიც კარგად იცნობდა ვლადიკავკაზს, უნდა გაეძლიერებინა და მოეწესრიგებინა ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი სადაზვერვო ქსელი, რომელსაც ვლადიკავკაზის ქართულ საკონსულოში, მოქმედი რეზიდენტი – ქუმსიაშვილი ხელმძღვანელობდა და ბაგრატიონი მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო.

პეტრე ფავლენიშვილი,
შსს აკადემიის არქივი

ფავლენიშვილს ასევე უნდა მოეძებნა ჩრდილოეთ კავკასიაში ალექსანდრე ბაგრატიონის მიერ სამუშაოდ გაგზავნილი, გერმანული პოლკის ყოფილი ოფიცერი – ჰუგო მალერი, რომელიც დაიკარგა და მისგან არავითარი ცნობები არ მოდიოდა. ინსტრუქციებით და 600. 000 მანეთით მომარაგებული ფავლენიშვილი, საკონსულოს მეორე მდივნის საფარით, ვლადიკავკაზში ივლისში ჩავიდა და კონსულ ვახტანგ მაჩაბელის სახლში დაბინავდა. მაჩაბელი კონსულობის პარალელურად, საექიმო პრაქტიკასაც აგრძელებდა და საკუთარ, დიდ სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ფავლენიშვილმა ჩასვლისთანავე მოძებნა მალერი და მასთან აგენტურული კავშირი აღადგინა. აგენტურულ მუშაობასთან ერთად საბჭოთა რუსეთის ცხოვრების გაცნობის და ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით ფავლენიშვილმა გადაწყვიტა მთლიანად დაეზვერა ვლადიკავკაზის სარკინიგზო შტო, რაც მან საკონსულოს დიპლომატიურ კურიერს – სიო სეფერთელაძეს დაავალა, რომელმაც დავალება წარმატებით შეასრულა.

მნიშვნელოვანია, რომ ფავლენიშვილმა შეძლო გასულიყო ჩრდილოეთ კავკასიაში ბარონ ვრანგელის რეზიდენტ კუსოვზე და მისი გადმობირება მოახერხა, თან დაავალა, მომზადებულიყო საჭირო მომენტში აჯანყებისთვის. საქართველოში დაბრუნებულმა ფავლენიშვილმა ვრცელი მოხსენება და სადაზვერვო ინფორმაცია წარმოუდგინა დაზვერვის უფროსს და ამის შემდეგ, ის ყოველთვიურად, დიპლომატიური საფარით ჩადიოდა ვლადიკავკაზში სადაზვერვო ქსელის შესამოწმებლად.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს გენერალურ შტაბს, 1920 წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიაში, ვლადიკავკაზში განთავსებული მთავარი რეზიდენტი, ერთი მეკავშირე-კურიერი და ცხრა აგენტი ჰყავდა, რომლებიც ვლადიკავკაზში, გროზნოში, მინერალურ წყლებში, არმავირში, კავკაზსკიში, როსტოვში, ეკატერინოდარში, ტუაფსეში და სტავროპოლში მოქმედებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამათგან ცალკე მოქმედებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის აგენტურა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის სანდო პირების ქსელები. სამხედრო დაზვერვა ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარ აგენტურას საკმაოდ კარგ ანაზღაურებას აძლევდა: მთავარ რეზიდენტს ყოველთვიურად 25 000 მანეთს უხდიდნენ (რაც,დღევანდელი კურსით, დაახლოებით – 2 000 ლარს უდრის და მაშინდელი ეკონომიკური კრიზისის და გაჭირვების პირობაზე საკმაოდ მაღალი ანაზღაურებას წარმოადგენდა), ხოლო აგენტებს – 10 000 მანეთს.

ბიოგრაფია: პეტრე მიხეილის ძე ფავლენიშვილი

დაიბადა 1878 წლის 29 ივნისს გორის მაზრის სოფელ დვანში. სწავლობდა პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სამი კურსის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო პეტროგრადის საოლქო სასამართლოს კერძო ვექილად. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, მობილიზაციით გაიწვიეს არმიაში და განათლების ცენზის მიხედვით სასწავლებლად გაუშვეს გატჩინის სამხედრო სკოლაში, რომელიც იმავე წელს დაამთავრა. შემდეგ 1915 წელს სასწავლებლად გაგზავნეს პეტროგრადის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1917 წელს და მსახურობდა სხვადასხვა ნაწილებში. 1917 წლის 20 სექტემბერს კავკასიის ჯარების ფრონტის ბრძანებით, სამუშაოდ გადაიყვანეს შტაბის კონტრ-დაზვერვის დავალებათა ოფიცრის თანამდებობაზე, ცოტა ხნის შემდეგ გადაიყვანეს ვლადიკავკაზის კონტრ-დაზვერვის პუნქტში იმავე თანამდებობაზე. 1918 წლის 14 მარტის, კავკასიის ფრონტის დაშლის ბრძანების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ფორმირების პროცესში მყოფი ქართული სამხედრო შენაერთების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსმა, პოლკოვნიკმა ბაგრატიონ-დავიდოვმა მიიწვია სამსახურში, როგორც კონტრ-დაზვერვის კვალიფიციური ოფიცერი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კონტრ-დაზვერვის საგამოძიებო ნაწილის უფროსად, სოხუმის კონტრ-დაზვერვის პუნქტის უფროსად და ასევე ასრულებდა ცალკეულ საპასუხისმგებლო დავალებებს; მაგალითისთვის,პეტრე ფავლენიშვილმა ჩაატარა ზაქათალის ოლქის, როგორც მოსაზღვრე კუთხის შესწავლა.

1920 წლის სექტემბრის ბოლოს ვლადიკავკაზში დიდი დიპლომატიური სკანდალი მოხდა: თერგის ოლქის საგანგებო კომისიის (ЧК) თანამშრომლებმა აგენტურული შეტყობინების საფუძველზე საქართველოს საკონსულოს დიპლომატიური კურიერი დააკავეს, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილ დიპლომატიურ ფოსტაში დიდი რაოდენობით ოქრო და ძვირფასეულობა აღმოაჩნდა. გაირკვა, რომ განძი რუსულ „ბურჟუაზიას“ ეკუთვნოდა, მდიდარ ოჯახებს, რომლებიც საბჭოთა რუსეთიდან ამ ქონებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, კავკავის საკონსულოს გავლით, საქართველოში აგზავნიდნენ. ვლადიკავკაზში საქართველოს კონსული ნათაძე იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა და მის მაგივრად, მალევე, ახალი კონსული – სამსონ წუწუნავა დაინიშნა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა საქართველოს გენერალური შტაბის დაზვერვის მიერ ვლადიკავკაზში ახალი რეზიდენტად – სიო სეფერთელაძის დანიშვნა.

ბიოგრაფია: სიო ვლადიმერის ძე სეფერთელაძე

დაიბადა 1887 წელს, ოზურგეთის მაზრის სოფელ ასკანაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1917 წლამდე იყო რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცერი, წოდებით – პორუჩიკი. მსახურობდა საინჟინრო ჯარების 48-ე საინჟინრო ბრიგადის 287-ე პოლკში. ამავდროულად ჩართული იყო რევოლუციურ მოძრაობაში და იყო სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის საფრონტო კომიტეტის თავმჯდომარე და შემდეგ – აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე რედაქტორობდა საფრონტო გაზეთს. 1917 წლის ივლისში დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა ამიერკავკასიის სამთავრობო დაწესებულებებში, თუმცა შემოდგომაზე ჩრდილოეთ კავკასიაში გაემგზავრა და 25 ოქტომბერს სტავროპოლში ბოლშევიკური გაზეთი – „Труд“-ის რედაქტორი გახდა. ის სხვადასხვა დროს ასვე მუშაობდა სტავროპოლის პროფკავშირების მდივნად და არმავირში სახალხო მეურნეობის საბჭოს საქმეთა მმართველად. 1918 წლის ივნისში რუსეთის მოხალისეთა არმიის მიერ სტავროპოლის მხარეში შეჭრის და საბჭოთა ხელისუფლების განადგურებისას, სეფერთელაძე დააპატიმრეს და მას, როგორც საბჭოთა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ სამსონ პაიჭაძის და ადგილობრივი ქართველების დახმარებით მას სასჯელი შეუმსუბუქეს და ციხეში 6 თვის ყოფნის შემდეგ მისი გათავისუფლება მოახერხეს.

1920 წლის მარტში, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში მოხალისეთა არმიის განადგურების შემდეგ, საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ საბჭოთა რეჟიმი აღადგინა, სიო სეფერთელაძემ მალევე, როსტოვში ჩამოყალიბების პროცესში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსულოში დიპლომატიურ კურიერად დაიწყო მუშაობა. მისი სამოქმედო არეალი, მთელი ჩრდილოეთ კავკასიის დიდ ქალაქებზე – როსტოვზე, სტავროპოლზე, არმავირზე, ეკატერინოდარზე, პიატიგორსკზე და გროზნოზე ვრცელდებოდა. მასვე ჩამოჰქონდა ხოლმე დიპლომატიური ფოსტა ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით თბილისში. სეფერთელაძეს, რევოლუციური წარსულის გამო, ქართველ და რუს ბოლშევიკებთან ნაცნობობა აკავშირებდა და სამოქალაქო ომის და გართულებული გადაადგილების პირობებში, მას ეს ფაქტორი ხშირად ეხმარებოდა.

კოტე ცინცაძე,
ჟურნალი “რევოლუციის მატიანე”, N4-5, 1924 წ.

1920 წლის დეკემბერში თერგის სამხარეო საგანგებო კომისიას (ТерОбЧК), კვლავ თერგის ოლქის სამხარეო რევოლუციური კომიტეტის წევრი – კოტე ცინცაძე ჩაუდგა სათავეში. კოტე ცინცაძე ძველი ბოლშევიკი და გამოცდილი ტერორისტი იყო (კოტე ცინცაძე მოგონებებში სიამაყით აღნიშნავს, რომ ვლადიმერ ლენინთან საოცნებო პირველი შეხვედრის დროს, სტალინმა ბელადს მისი თავი ასე გააცნო – „კოტე ცინცაძე ძველი პარტიული მუშაკი და საუკეთესო ტერორისტი“). იგი 1918 წელს საქართველოდან გაძევებული იყო არალეგალური საქმიანობისთვის, თუმცა 1919 წელს დაბრუნდა და განსაკუთრებულმა რაზმმა ისევ დააპატიმრა.


ლაზარ კოგანი,
რუსული ვიკიპედია

1920  წლის 6 თებერვალს ცინცაძე, ფილიპე მახარაძესთან და რამდენიმე თანამზრახველთან, ციხის საავადმყოფოდან გაიქცა და მათ თავი ჩრდილოეთ კავკასიას შეაფარეს. თერგის სამხარეო „ჩეკას“ უფროსმა ცინცაძემ, კარგად იცოდა არალეგალური და კონსპირაციული მუშაობის მეთოდები; ჯერ კიდევ 1919 წელს, სანამ მოხალისეთა არმია ჩრდილოეთ კავკასიას დაიკავებდა, კოტე თერგის სამხარეო საგანგებო კომისიას ხელმძღვანელობდა. წითლებთან ერთად ვლადიკავკაზში დაბრუნების შემდეგ, ცინცაძე, რათქმაუნდა აშკარად ხედავდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს კარგად ორგანიზებული სადაზვერვო ქსელი მოქმედებდა, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ვლადიკავკაზის ქართულ საკონსულოსთან, თუმცა მის წინააღმდეგ ჯერჯერობით აქტიურ ზომებს ვერ იღებდნენ.

1920 წლის ბოლოს ცინცაძემ, რომელიც სეფერთელაძეს პირადად იცნობდა, ეჭვი მიიტანა, რომ ქართული დაზვერვის რეზიდენტი ის უნდა ყოფილიყო, რადგან სიოს რევოლუციური წარსულის, ოფიცრობის და სამხედრო სამსახურის გამოცდილების დამსახურებით არ გაუჭირდებოდა სადაზვერვო ქსელის შექმნა და ხელმძღვანელობა. თუმცა, ამ „საიდუმლო ომის“ ფრონტზე, მხოლოდ სეფერთელაძე და ცინცაძე არ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და მასში მესამე მოთამაშე, წითელი მე-9 არმიის სამხედრო კონტრ-დაზვერვა, ტერორით სახელგანთქმული  ე.წ „განსაკუთრებული განყოფილება“ (Особый отдел) და მისი ახალგაზრდა უფროსი – ლაზარ კოგანი იყო.

ბიოგრაფია: ლაზარ იოსების ძე კოგანი

1889 წელს დაიბადა, ეკატერინოდარის გუბერნიის სოფელ ერლოვკაში, ებრაულ ოჯახში. მისი მამა, პირველი გილდიის ვაჭარი იყო და ბეწვეულით ვაჭრობდა. ლაზარი ადრევე ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში და ანარქო-კომუნისტურ მიმდინარეობას შეუერთდა. 1908 წელს იგი დააპატიმრეს – შეიარაღებული თავდასხმების და ექსპროპრიაციის გამო და კიევის სამხედრო-საოლქო სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა, რომელიც მოგვიანებით სამუდამო კატორღით შეუცვალეს. ლაზარი1917 წლამდე იხდიდა სასჯელს ელიზავეტგრადის და ხერსონის მხარეებში. რევოლუციის შემდეგ, იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა, 1918 წლის ივლისიდან ბოლშევიკური პარტიის წევრი გახდა და წითელ არმიაში დაიწყო სამსახური ბატალიონის კომისრად და პარტიული სკოლის უფროსად. 1920 წლიდან კოგანი მე-9 არმიის განსაკუთრებული განყოფილების უფროსად დაინიშნა.

1920 ნოემბერში, სომხეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკის ოკუპაციის და პარალელურად საქართველოსთან ომის სამზადისში საბჭოთა რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩრდილოეთ კავკასიაშიც გააქტიურეს კონტრ-დაზვერვითი ოპერაციები და გაართულეს საკონსულოების თანამშრომლების და დიპლომატიური ფოსტის მოძრაობის პირობები, განსაკუთრებით ლარსის სასაზღვრო პუნქტზე.

1920 წლის დეკემბერში, საბჭოთა რუსეთი აქტიურად ემზადებოდა საქართველოზე თავდასხმისთვის, თუმცა რიგი ფაქტორების გამო – პოლონეთთან გართულებული საბრძოლო ვითარების, აზერბაიჯანში განლაგებული მე-11 არმიის ფორმირების დაგვიანებისა და ქართული ჯარის და გვარდიის მობილიზაციის გამო, თავდასხმა დროებით გადაიდო.

ამის სახიფათო ძვრების შესახებ, საქართველოს არმიის გენერალური შტაბს, დაზვერვის  რეზიდენტი – „კავკაველი“ აქტიურად ატყობინებდა. 1920 წლის 10 დეკემბრის მოხსენებაში იგი წერდა:

 „ძალიან მძიმე პირობებში მიწევს მუშაობა, ადგილობრივი კონტრ-დაზვერვა ძლიერ მიშლის ხელს ცნობების მოპოვებაში. ნებისმიერი ღლაპი (აღარ ვლაპარაკობ სოლიდურ ქალბატონებზე მდიდრული ოჯახებიდან) ჩეკაში აგენტებად მსახურობენ. ყოველ ნაბიჯზე – მახეა. დაპატიმრებები ძველებურად გრძელდება, არავის არ უწევენ ანგარიშს. გეორგიევსკში დააპატიმრეს საკონსულოს რწმუნებული, თითქოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდისთვის. ყაზბეგში ცნობების გადაცემა მიწევს ზეპირად, ვინმეს საშუალებით, რადგან საზღვარზე უმკაცრესად ამოწმებენ ყველას გამონაკლისის გარეშე ვინც არ უნდა იყოს და რა დოკუმენტებითაც არ უნდა იყოს აღჭურვილი. სომხეთის უკანასკნელმა მოვლენებმა უფრო გაგვიუარესა პირობები, ამით ვხსნი თქვენთან არასრული ცნობების გადმოცემის მიზეზს. ხალხი, რომელსაც შეიძლება ენდო – თითქმის აღარაა. ჩემს განკარგულებაში მხოლოდ ორი აგენტია. თქვენი გამოყოფილი საშუალებები ჯერჯერობით საკმარისია. აქ გადმოცემული ცნობები უდავოდ ზუსტია.“

ცნობები, რომელსაც „კავკაველი“ შტაბს გადმოსცემდა მრავალფეროვანი იყო. მოპოვებული აგენტურული ინფორმაციის არეალი – თერგის ოლქიდან დაწყებული, ყუბანის და სტავროპოლის მხარით გაგრძლებული, უკრაინამდეც კი ვრცელდებოდა. იგი დაწვრილებით გადმოსცემდა თერგის ოლქში განლაგებული ჯარების სახეობას, რაოდენობას, შეიარაღების და მოძრაობის მიმართულებებს. „კავკაველის“ სადაზვერვო ცნობები მოიცავდა სამოქალაქო ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის აღწერასაც, ასევე ლარსის სასაზღვრო საკონტროლო პუნქტის მდგომარეობას და მის შემადგენლობას, ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებს და აჯანყებული რაზმების მოქმედებების შედეგებს:

  •  „1920 წ. 4 დეკემბერი: დასახლებული პუნქტების დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლებისადმი უდავოდ მტრულია და როგორც კი დაიწყება სურსათისა და ტანსაცმლის გაწერა და სხვა ბეგარები აჯანყება ისევ გარდაუვალია. ის რომ მთის მოსახლეობა მტრულადაა განწყობილი ადვილად გასაგებია იმითაც, რომ ყველა ცდილობს შეიარაღდეს და მზად არიან უკანასკნელი ცხენიც კი მისცენ ოღონდ იარაღი იშოვნონ. მაუზერის რევოლვერში აძლევენ ცხენს, ნაგანში ძროხას“…
  • 12 დეკემბერი: ვლადიკავკაზი. გეორგიევსკის რაიონში აჯანყებულმა 500 მხედარმა ალყა შემოარტყა სტანიცა პიგუშინოს, არც შიგნით და არც გარეთ არავის უშვებდნენ. ასე გასტანა სამმა დღემ. დახვრიტეს 50 კომუნისტი და სასურსათო აგენტი, აიღეს ყველაფერი რაც სჭირდებოდათ და წავიდნენ. იგივე გააკეთეს მიყოლებით სტანიცებში, მარინსკაიაში და ნოვო-ალექსეევკაში. აჯანყებულებს აქვთ რამდენიმე ტყვიამფრქვევი. ისინი ბრძოლაში არ შედიან. საპასუხოთ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა წითელი ტერორი.“

მნიშვნელოვანია, რომ „კავკაველმა“ მოახერხა გაეშიფრა ჩეკისტების ტაქტიკა, როდესაც ისინი თავიანთ აგენტებს ჯერ აპატიმრებდნენ და შემდეგ განთავისუფლებულები საქართველოს საკონსულოს „პოლიტიკური დევნის“ გამო თავშესაფარს სთხოვდნენ, რასაც შეცდომაში შეყვანილი კონსული იოლად თანხმდებოდა. „კავკაველმა“ ასევე მოახერხა გაეგო, რომ საბჭოთა აგენტების საქართველოში შემოსასვლელი ნებართვების მიმცემი საქართველოს შსს საქმის მწარმოებელი ვინმე შაკოვი იყო და დარწმუნდა, რომ ის საბჭოთა რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა.

გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის გამო საკონსულოს მდივანი სეფერთელაძე საქართველოში ხშირად გადმოსვლას ვეღარ ახერხებდა; დიპლომატიური ფოსტითაც სადაზვერვო ხასიათის მასალის გაგზავნა საფრთხილო იყო, რადგან ჩეკისტები და განსაკუთრებული განყოფილების თანამშრომლები ხშირად არღვევდნენ  დიპლომატიური ხელშეუხებლობის უფლებას. სეფერთელაძე მოპოვებულ ცნობებს წერილობითი მოხსენებების ფორმატით მომზადების პარალელურად, სანდო პირების საშუალებით, ზეპირად, მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას ყაზბეგის კონტრ-დაზვერვის პუნქტს. იგი თავის ერთერთ ბოლო წერილობით მოხსენებაში სთხოვდა გენერალურ შტაბს, როგორმე შეეტყობინებინათ, რამდენად ზუსტად მოდიოდა ყაზბეგში ზეპირი ცნობები.

1920 წლის დეკემბერში საქართველოსთან გამწვავებული სიტუაციის გამო სეფერთელაძე გრძნობდა, რომ მის გარშემო რკალი ვიწროვდებოდა. ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფი წითელი არმიის ნაწილები აქტიურად ემზადებოდნენ საქართველოზე თავდასხმისთვის. ომის დაწყების შემთხვევაში საკონსულოს დაპატიმრება ან დარბევა ელოდა და დაპატიმრების შემთხვევაში აუცილებლად დაიწყებდნენ შემადგენლობაში დაზვერვის რეზიდენტის ძებნას.

სეფერთელაძემ საშვი გაუმზადა ვლადიკავკაზში ახლად ჩასულ დიპლომატიურ კურიერ ლორთქიფანიძეს და 4 იანვარს თვითონაც მიმართა მე-9 არმიის განსაკუთრებულ განყოფილებას, რომელიც საზღვრის გადაკვეთის ნებართვას გასცემდა. 1920 წლის 7 იანვარს, როდესაც ლორთქიფანიძე საქართველოში წამოვიდა, ლარსის სასაზღვრო პუნქტზე ასეთი სცენა გათამაშდა: ლორთქიფანიძემ წინასწარ შეატყობინა განსაკუთრებული განყოფილების უფროსის მოადგილეს – გორლინს მისი გადაადგილების დრო და საზღვარზე მისულს მას გორლინი და განყოფილების უფროსი კოგანი დახვდნენ. სასაზღვრო პუნქტის დახურულ ოთახში, სხვების დაუსწრებლად კოგანმა, გორლინმა და ლორთქიფანიძემ დიპლომატიური პაკეტი ლუქის დაუზიანებლად გახსნეს და საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი სადაზვერვო მოხსენებების ამოღების სცენა დადგეს ისე, რომ აქტიც არ შეუდგენიათ. ლორთქიფანიძე, რომელიც აშკარად კოგანის სასარგებლოდ მუშაობდა, დაუბრკოლებლად გადმოვიდა საქართველოში.

16 იანვარს სიო სეფერთელაძემ ვლადიკავკაზი დატოვა და საქართველოსკენ წამოვიდა, თუმცა სასაზღვრო პუნქტზე იგი პირადად განსაკუთრებული განყოფილების უფროსმა კოგანმა დააკავა და ვლადიკავკაზში ჩაყვანის შემდეგ შპიონაჟის ბრალდება წაუყენა. დაპატიმრებული სეფერთელაძე სასტიკად უარყოფდა ბრალდებას და მოითხოვდა, რომ იგი პირადად კოგანს დაეკითხა. ლაზარ კოგანის სახელზე დაწერილ თხოვნებში სეფერთელაძე რამდენჯერმე მიანიშნებს, რომ დიდი ხანია მას კარგად იცნობს და შეახსენებს, წლების წინ თვითონაც როგორ იჯდა სიკვდილმისჯილების საკანში, სთხოვს შეხვედრას და მოუწოდებს, რომ -კანონებით იხელმძღვანელოს და არა პირადი განწყობით. გამოძიება ცდილობდა სეფერთელაძის აღიარების გარდა მისგან ინფორმაცია მიეღო ვიცე კონსულ კონჩუხიძეზე და უცნობ ტელეგრაფისტზე, რომელიც გროზნოში მუშაობდა და „კავკაველის“ აგენტად თვლიდნენ, თუმცა სეფერთელაძემ არცერთის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდათ.

ოკუპაციის შემდეგ

1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს სსრ ხელისუფლების ორგანოების მოთხვნით დაიწყო რსფსრ ტერიტორიაზე დაპატიმრებული საქართველოს წარმომადგენლების მათთვის გადმოცემის პროცესი. 1921 წლის 28 მარტს ლაზარ კოგანმა სეფერთელაძეს განუცხადა, რომ ის იგზავნება საქართველოს სსრ ხელისუფლების განკარგულებაში და გამოცხადებული ამნისტიის პირობებში შესაძლებელი იყო გაეთავისუფლებინათ კიდევაც. აპრილის შუა რიცხვებში სეფერთელაძე საქართველოში გადმოგზავნეს. თუმცა,სეფერთელაძეს თბილისში საქართველოს საგანგებო კომისიის ახალი თავმჯდომარედ „ძველი ნაცნობი“ – კოტე ცინცაძე დახვდა, რომელმაც „საქჩეკას“ პირველი, ფორმალური თავმჯდომარე – გიორგი ელისაბედაშვილი მარტის შუა რიცხვებში შეცვალა.

საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის კომენდატურაში მოთავსებული სეფერთელაძის ხანგრძლივმა და მძიმე დაკითხვებმა შედეგი არ გამოიღო: იგი მტკიცედ უარყოფდა დანაშაულს, ითხოვდა პირადად კოტე ცინცაძეს დაეკითხა და აშკარად ცდილობდა მიენიშნებინა მის საქმეში ლაზარ კოგანის პირად დაინტერესებაზე. სეფერთელაძის მხრიდან ჩეკას სახელზე დაწერილ განცხადებებში, კოგანზე დამაინტრიგებელი მინიშნებები, რომ ამხანაგი ლაზარი მისი შპიონაჟში დადანაშაულებით და განადგურებით ძალიან იყო დაინტერსებული და სურვილის შემთხვევაში ჩეკა ადვილად გაარკვევდა ამის მიზეზს, სავარაუდოდ სეფერთელაძის უკანასკნელი განწირული მცდელობა იყო, გამოძიების ყურადღება მისი და კოგანის ძველ კავშირებზე გადაეტანა, რაც საკმაოდ საფუძვლიან ეჭვს გააჩენდა – თავად მრისხანე „განსაკუთრებული განყოფილების“ შეფი ხომ არ იყო დაკავშირებული ქართულ დაზვერვასთან და ახლა უხერხული მოწმის თავიდან მოშორებას ხომ არ ცდილობდა?

სეფერთელაძის „ანკესმა“ არ იმუშავა. კოტე ცინცაძეს იგი არც გასასაუბრებლად მიუღია და არც დაუკითხავს, თუმცა მისი საწინააღმდეგო ჩვენება პირადად მისცა სეფერთელაძის საქმის გამომძიებელს – კოტანოვს.

1921-1922 წლების განმავლობაში, საქართველოს სსრ ჩეკა, კოტე ცინცაძის ხელმძღვანელობით სასტიკი დღის წესრიგით მოქმედებდა – მთელი მობილიზებით ცდილობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურების იმ თანამშრომლებზე და აგენტებზე ნადირობას, რომლებიც ემიგრაციაში არ წავიდნენ და ოკუპირებულ საქართველოში დარჩნენ. მათი დაპატიმრების, საჭირო ინფორმაციის ამოქაჩვის შემდეგ კი, საგამოძიებო საქმეების სწრაფი და ზედაპირული ფორმულირებით, ამნისტიის დეკრეტის სრული უგულვებელყოფით, ამ ადამიანთა უმრავლესობა დახვრიტეს, ხოლო იშვიათი გამონაკლისები კი გადაიბირეს და დაიქვემდებარეს.

1921 წლის 16 ივლისის დასკვნით საბრალდებო დადგენილებაში, სეფერთელაძის საქმის გამომძიებელი კოტანოვი აღნიშნავდა:

 „ყველა იმ ცნობებს, რომელიც განსაკუთრებულმა განყოფილებამ ამოიღო, წერდა საქართველოს საკონსულოს მდივანი სეფერთელაძე. შეტყობინებებს ბეჭდავდა და ხელნაწერებს სიფრთხილის გამო წვავდა. ცნობებს ხელს აწერდა ფსევდონიმით „კავკაველი“ თერგის ოლქის განსაკუთრებული განყოფილების მიერ მიღებული ყოველგვარი ზომების მიუხედავად სიო სეფერთელაძემ არ აღიარა დანაშაული. განსაკუთრებულმა განყოფილებამ განიხილა საქმე და დაპატიმრებულთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს საგანგებო კომისიის განკარგულებაში. აქაც, სეფერთელაძე დაკითხვებზე მტკიცედ უარყოფდა დანაშაულს. დაკითხვებზე თავი ეჭირა გამომწვევად და საუბრობდა მხოლოდ მის უპირატესობებზე. ვიღებთ რა მხედველობაში, რომ სეფერთელაძე ყოფილი ოფიცერია და ჯაშუშური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იგი წარმოადგენს აშკარად მავნე ელემენტს საბჭოთა წყობისთვის. მისი დანაშაულებრივი საქმიანობა ჩაითვალოს დამტკიცებულად და დაიხვრიტოს. საქმე გამოძიებითურთ შეწყდეს და ჩაბარდეს არქივს.“

დახვრეტის განაჩენი, წესისამებრ, მალევე მოიყვანეს სისრულეში.

წინა გვერდი 1 2 3 4შემდეგი გვერდი
Back to top button