ახალი ამბები

ენმ-ის მხარდამჭერებზე ძალადობისთვის ქართული ოცნების კანდიდატის შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე ძალადობისთვის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის ვაჟი, დავით დაუთაშვილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირებისას, ოპოზიციური პარტიის ორი მხარდამჭერი დანით სახის არეში დაჭრა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ინციდენტისას ჩხუბში მონაწილე სხვა პირებიც დაშავდნენ.

დაკავებულის მიმართ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა (117-ე) და ძალადობის (126-ე) მუხლებით მიმდინარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სოფელ განთიადში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი – გიორგი ტატუაშვილი მხარდამჭერებს ხვდებოდა. ტატუაშვილი 2017 წელს მერად ქართული ოცნების სახელით აირჩიეს, იგი პარტიიდან 2020 წელს მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის მხარდაჭერისთვის გაუშვეს. ოქრიაშვილმა ქართული ოცნება დატოვა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას შეუერთდა.

ინციდენტის შემდეგ, დეპუტატმა ოქრიაშვილმა, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრისას ტატუაშვილს თან ახლდა, თქვა, რომ შეკრებილებს თავს 20-30 „აგრესიულად განწყობილი ადამიანი“ დაესხა.

თავის მხრივ, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა, „პროვოკაციაში“ დეპუტატი ოქრიაშვილი დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, თავდაპირველად მას სცემეს და მისი შვილი საქმეში მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერია.

მიხეილ დაუთაშვილის თქმით, მისი ვაჟი სამართალდამცველებს „თავისი ნებით“ ჩაბარდა. „მოვიყვანე მე თვითონ, დანაშაულზე აგოს შესაბამისად პასუხი“, – დასძინა მანვე.

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა მომხდარი ნაციონალური მოძრაობის „პროვოკაციად“ შეაფასა, თუმცა მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, „თმენისკენ“ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button