ახალი ამბები

საქართველო ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტის რეკომენდაციებში

ევროპარლამენტმა 16 სექტემბერს ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების ახალი სტრატეგიისთვის რეკომენდაციები მიიღო, რომელთაც ევროპარლამენტის 494-მა წევრმა მხარი დაუჭირა, 103-მა მათ წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 71-მა თავი შეიკავა. სხვა საკითხებთან ერთად, რეკომენდაციები საქართველოს მიმართ მხარდაჭერასაც გამოხატავს.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთთან ჩვეული ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხდება, სანამ მოსკოვი „არ შეაჩერებს თავის აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინააღმდეგ, და სანამ არ აღდგება საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

დოკუმენტში ასევე საუბარია რუსეთის საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე, რომ დესტაბილიზაცია მოახდინოს და დაარღვიოს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობა. მოსკოვი ასევე აღვივებს გაყინულ კონფლიქტებს და არ სცემს პატივს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს საქართველოსა და უკრაინაში, ნათქვამია დოკუმენტში.

რეკომენდაციებში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, რათა მან საქართველოსთან დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ იმ ფაქტმა, რომ ევროკავშირმა ვერ შეძლო სათანადოდ ეპასუხა რუსეთის სხვადასხვა აგრესიული ქმედებებისათვის 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც ასეთი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა, რუსეთს უბიძგა, განეგრძო აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები როგორც თავის სამეზობლოში, ისე მის ფარგლებს მიღმა.

ევროპარლამენტის რეკომენდაციით, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებები უნდა გააფორმოს, რათა გაიზარდოს ინვესტიციები და დახმარება უსაფრთხოების, სამხედრო, დაზვერვის და კიბერსივრცეში თანამშრომლობის სფეროებში. „ევროკავშირი არ უნდა განიხილავდეს ამ ქვეყნებთან კოორდინაციას მხოლოდ ნატოს გაფართოების პრიზმიდან“, ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button