skip to content
ახალი ამბები

დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 ივნისს ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა მას შემდეგ, რაც უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ვალდის დომბროვსკისს და ევროპარლამენტარებს შეხვდა.

„ასოცირებული ტრიოს“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისარ ვარჰეისთან შეხვედრაზე „ტრიოს“ შექმნის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ „ტრიოს“ ფორმატის დაფუძნება ლოგიკური და დროული განვითარებაა იმ პროცესებისა, რომლებიც ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვის გზაზე აერთიანებთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გარემოს რეგიონში, ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის შედეგად არსებულ გამოწვევებს და უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას.

ევროკომისარმა ვერჰეიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მათ განიხილეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელსაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების ეკონომიკების გაჯანსაღებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით წარადგენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბროვსკისთან შეხვედრაზე სამმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე, რაც აუცილებელია ასოცირებული ქვეყნების ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის შიდა ბაზარზე.

„მე დავადასტურე ევროკავშირის სოლიდარობა სამი ქვეყნის მიმართ კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, კერძოდ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების საქმეში“, – დაწერა ვიცე-პრეზიდენტმა Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ.

ევროპარლამენტარებთან გამართულ შეხვედრაზე სამმა დიპლომატმა „ასოცირებული ტრიოს“ ძირითად მიზნებზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკემბრის სამიტზე იმსჯელა.

ზალკალიანის ვიზიტი ბრიუსელში 17 მაისს კიევში შექმნილი „ასოცირებული ტრიოს“ საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თანამშრომლობის ახალი ფორმატის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ევროინტეგრაციის საერთო ინტერესების საკითხებზე, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიზნით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button