დაწურულადევროპა

ნატოს სამიტი: ჩინეთის აჩრდილი

რაო?

ნატოს ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ჩინეთის მზარდი გავლენა, მისი სამხედრო პოტენციალის ზრდა და აგრესიული მოქმედებები “სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგისათვის” – ასე ჩაიწერა ორშაბათს გამოცემულ სამიტის კომუნიკეში.

მერე რა?

1949 წელს საბჭოთა კავშირის საპირწონედ შექმნილმა ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა თავის ისტორიაში პირველად ახსენა ჩინეთიდან მომავალი სამხედრო საფრთხე ოფიციალურ განცხადებაში.

კი ახსენა, მაგრამ…

ჩინეთის საფრთხეზე ყურადღების გამახვილება ძირითადად ვაშინგტონიდან მოდის, როგორც ჩანს ევროპელმა ლიდერებმა ახალ პრეზიდენტს ხათრი არ გაუტეხეს და მის პრიორიტეტს დაჰყვნენ. ჩინეთის სულ უფრო აგრესიული მოქმედებების მიმართ ევროპელების სიფრთხილე იზრდება, რაც დიდი შვიდეულის გადაწყვეტილებებშიც აისახა, ოღონდ ნატოსათვის მოწინააღმდეგედ ჩინეთის დასახვას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მხარს არ უჭერენ:

  • მაკრონმა ირონიით თქვა “ნატო ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციაა, მე როცა ვსწავლობდი გეოგრაფიის წიგნებში ჩინეთი ატლანტიკის ნაწილი არ იყო და, რავიცი, ეგება ჩემს რუკაშია პრობლემაო”. ასეთი აგდებული საუბარი ალბატ ნებისმიერ კომუნიკეზე უკეთ ასახავს მის პოზიციას ჩინეთის საფრთხედ დასახვასთან დაკავშირებით.
  • მერკელმა ჯერ კიდევ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ბევრი მიმართულებით ევროპის მეტოქე ხდება, თუმცა მისი მტრად დასახვა არ ღირს.
  • ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც მერკელის მსგავსი პოზიცია დაიკავა – ჩინეთი “ჩვენ გვიახლოვდება” სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურით, კიბერ-სივრცეში აქტიურობით, ოღონდაც “ნატო არ აპირებს ჩინეთთან ახალი ცივი ომის დაწყებას, ჩინეთი ჩვენი ალიანსის სამიზნე, მტერი არააო”.

ნუ დააგდებ ძველსა გზასაო

ნატოს ოფიციალურ კომუნიკეში რუსეთი 62-ჯერაა ნახსენები, ჩინეთი კი ათჯერ. თუნდაც ეს მოწმობს, რომ ნატოს ძველი მოწინააღმდეგე ჯერაც მისი უმთავრესი პრობლემაა, თუმცა იმაზეც მიუთითებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა და მისგან მომავალი საფრთხე სულ უფრო ხშირად განიხილება ჩინეთთან გლობალური მეტოქეობის კონტექსტში.

ჩვენ რა დავასკვნათ?

დემოკრატიული სამყაროს ლიდერებისთვის გლობალური საფრთხე ჩინეთია, ხოლო ჩინური სტრატეგიული ინტერესების ფასადად და ნებით თუ უნებლიედ გამტარებლად რუსეთის გაჩენა – უკიდურესად სახიფათო სცენარი. ამიტომაც, ევროპელი ლიდერების მცდელობა, რუსეთთან დიალოგი შეინარჩუნონ ნაწილობრივ იმაზეცაა გათვლილი, რომ ჩინეთთან მისი დაახლოება გამორიცხონ.

მსგავსი/Related

Back to top button