Placeholder canvas
ახალი ამბები

სტოლტენბერგი: საქართველოს ნატოში გაწევრიანების ზუსტი თარიღი უცნობია 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 14 ივნისს, „ნატო 2030“-ის ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა, რომ დღევანდელ სამიტზე ნატოს მოკავშირეები საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ზუსტ თარიღს არ დაასახელებენ.

თავის შესავალ სიტყვაში, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ ნატოს ლიდერები დაადასტურებენ თავიანთ წინა, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, სადაც „ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“.

თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული თარიღების დასახელების ნაცვლად, ნატო მიმართულია, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის, მისი „თავდაცვითი და უსაფრთხოების ინსტიტუტების“ მოდერნიზაციას.

„ჩვენი გზავნილია, რომ ნატოს კარი ღიაა და ჩვენ ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დავადასტურეთ, როდესაც ალიანსში მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია გაწევრიანდნენ“, – აღნიშნა მან.

საქართველოს წევრობის პერსპექტივებზე საუბრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ ასპირანტმა ქვეყანამ და მოკავშირეებმა უნდა მიიღონ გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება და „რუსეთს ამ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნატომ გაზარდა საკუთარი ძალების კონცენტრაცია შავ ზღვაზე, სადაც უფრო მეტი საჰაერო კონტროლი და საზღვაო წვრთნები ხორციელდება. სტოლტენბერგმა დასძინა, რომ სწორედ ალიანსის 2030 წლის დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია განსაზღვროს, თუ რა ინვესტიცია უნდა განხორციელდეს რეგიონში თავდაცვითი საქმიანობების მხარდასაჭერად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button