Placeholder canvas
ახალი ამბები

პროკურატურა მზადაა გირაოს გადახდის შემთხვევაში სასამართლოს მელიას გათავისუფლება მოსთხოვოს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 თებერვალს განაცხადა, რომ თუკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მასზე დაკისრებული გირაოს თანხას გადაიხდის, პროკურატურა მზად არის, რომ სასამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართოს.

„ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა საქართველოს პროკურატურის თვითმიზანი. პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა [მისი მხრიდან] სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობამ განაპირობა“, – განმარტეს საგამოძიებო უწყებაში.

პროკურატურის განცხადებას წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში 23 თებერვალს ჩატარებული სპეცოპერაციისა და ნიკა მელიას დაკავების გამო ოპოზიციის, ადგილობრივი არასამთარობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკა და მელიას „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლების შესახებ მოწოდებები უძღვოდა.

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი, სადაც ისინი მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვნდნენ. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლითაც ისინი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასა და იმ საკანონმდებლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ, რომელიც საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარეს სასამართლოს მიერ მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობას არ აძლევს.

ნიკა მელია სამართალდამცველებმა 23 თებერვალს მას შემდეგ დააკავეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მას პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა.

პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ნოემბერში ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოზე დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა. მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე თავდაპირველად 30 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან გადაიხადა.

მელიას დაკავებაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოების გამო პრემიერის პოსტიდან გახარიაც გადადგა. სამართალდამცველებმა სასამართლოს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელახლა არჩევიდან მეორე დღეს აღასრულეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button