skip to content
ახალი ამბებიინტერვიუ

ევროპარლამენტარები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშს ეხმიანებიან 

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია, ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისადმი ერთგული რჩება და საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოჰყავს, კვლავ მოსაგვარებელი რჩება რიგი ნაკლოვანებები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, დემოკრატიის კონსოლიდაცია და მაღალი დონის კორუფციის აღმოფხვრა.

„სამოქალაქო საქართველო“ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე წამყვან ევროპარლამენტარებს დაუკავშირდა და ჰკითხა მათ, რა გავლენა ექნება ანგარიშს მმართველი პარტიის მიზანზე, რომ 2024 წელს ევროკავშირს წევრობისთვის მიმართოს.

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, გერმანია):

„კომისიის ანგარიში თანხვედრაშია ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან, ასევე ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ გასულ წელს გაკეთებულ უამრავ განცხადებასა და კომენტართან.

იმ ფაქტმა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ ლიდერად რჩება, არ უნდა შეაჩეროს საქართველოს ხელისუფლება, რომ მეტი გააკეთოს აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც The Economist-ის დემოკრატიის ინდექსის თანახმად, საქართველო მოლდოვას, უკრაინასა და სომხეთსაც კი ჩამორჩება. ამჟამად საქართველოს უარესი რეიტინგი აქვს, ვიდრე ერთი წლის წინ ჰქონდა.

ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობაა. შარშან ეს საკითხი ბევრ ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად განვიხილე. სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობა ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე მიანიშნებს.

ევროპულმა ინსტიტუტებმა, იქნება ეს ევროკავშირი თუ ვენეციის კომისია, სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად საქართველოს ტექნიკური საშუალებები და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი გამოცდილება შესთავაზეს. თუმცა, ჩვენი ქართველი კოლეგები ამას ყოველთვის არ იყენებენ. კანონის უზენაესობის პატივისცემა და მაღალი სტანდარტი ევროკავშირის წევრობის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.

საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, შეუძლია ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანოს. თუმცა, ეს არ არის არც მოკლე და არც მარტივი პროცესი. გარდა ზემოთხსენებული კანონის უზენაესობისა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ზოგადად მაღალი დემოკრატიული სტანდარტები ასევე განმსაზღვრელი კრიტერიუმებია.

საქართველოს პარლამენტის ახლანდელი შემადგენლობა, სადაც ქართულ ოცნებას, ფაქტობრივად, ოპოზიცია არ ჰყავს, კიდევ უფრო აზიანებს ქართული დემოკრატიის ხარისხს და ართულებს მთავრობის 2024 წლის მიზანს. სწორედ ამიტომაა არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ასეთი სასწრაფო და გადამწყვეტი.

და ბოლოს, გარდა ე.წ. სტანდარტული კრიტერიუმებისა, წევრობისთვის ასევე გადამწყვეტია საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირება. 2020 წელი ყველაზე ძლიერი ეკონომიკების მქონე ქვეყნებისთვისაც კი ძალიან რთული წელი იყო, ამიტომ, ეკონომიკური კლება საქართველოში გასაკვირი არ არის. ევროკავშირი ცდილობს თავის მეზობლებსა და ახლო პარტნიორებს დაეხმაროს. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა იყო 183 მლნ ევროს ფინანსური დახმარება, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს პანდემიის დამანგრეველი ზემოქმედების შესამსუბუქებლად გამოუყო“.

მარინა კალიურანდი (ესტონეთი, სოციალ-დემოკრატები):

„პანდემიით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების ერთგული რჩება.

თუმცა, ისიც სიმართლეა, რომ ზოგიერთ სფეროში შემდგომი გაუმჯობესებაა საჭირო, რადგანაც ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს მედიის პოლარიზება და არსებული პოლიტიკური კრიზისი, ასევე საჭიროა კანონის უზენაესობის გაძლიერება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები განახლებული, გაუმჯობესებული საარჩევნო კანონმდებლობით ჩატარდა და როგორც ანგარიში ადასტურებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კარგად ორგანიზებული და, ზოგადად, თავისუფალი და სამართლიანი იყო. ვიმედოვნებთ, რომ ეს საკანონმდებლო ბაზა, შესაძლოა, კიდევ გაუმჯობესდეს მომავალი არჩევნებისთვის, კერძოდ კი – მხედველობაში იქნება მიღებული ოდირის რეკომენდაციები.

თუკი საქართველო რეფორმების კურსს გააგრძელებს, იგი შეძლებს, რომ 2024 წელს ევროკავშირს ოფიციალურად მიმართოს წევრობისთვის, როგორც ეს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ პარლამენტის მიერ დეკემბერში მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

ცალსახაა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა და მხარს უჭერს მის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button