skip to content
ახალი ამბები

ჟოზეპ ბორელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოზე იმსჯელა 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მან საქართველოს საკითხიც განიხილა.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება, ასევე სირიისა და ლიბანის კრიზისები იმ საკითხებს შორის იყო, რომელთაც შევეხეთ ჩვენს მშფოთვარე სამეზობლოზე საუბრისას, სადაც რუსეთი და ევროკავშირი უფრო ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში რჩებიან“, – თქვა მან.

„ამ საკითხების განხილვისას, მე ხაზი გავუსვი, რომ საჭიროა ეუთოს ვალდებულებების, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა“, – აღნიშნა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოსკოვში 5 თებერვალს შეხვდა. „ჩემმა შეხვედრამ მინისტრ ლავროვთან და ამ ვიზიტის დროს რუსეთის ხელისუფლებიდან წამოსულმა გზავნილებმა დაადასტურეს, რომ ევროპა და რუსეთი ერთმანეთს შორდებიან“, – დაწერა ბორელმა თავის ბლოგზე. მისივე თქმით, „როგორც ჩანს, რუსეთი თანდათან წყვეტს კავშირს ევროპასთან და დემოკრატიულ ფასეულობებს ეგზისტენციუალურ საფრთხედ მიიჩნევს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button