ახალი ამბები

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 11 იანვარს „ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით“ ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, რომლის საფუძველზეც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან ის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომელთაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მმართველი პარტიისა და ევროპელი სოციალისტების დეპუტატებმა ერთხმად, 83 ხმით მიიღეს. დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოების უსაფრთხოების დონეს და „ჰუმანიზმის პრინციპიდან“ გამომდინარე მოქმედებს.

დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ამნისტია შეეხება დაახლოებით 1 500 პატიმარს, ათასობით პრობაციონერს და იმ 4 000 ადამიანს, რომელთაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აქვთ დაკისრებული ჯარიმები.

ძალადობა, ფიზიკური დანაშაული

კანონის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით გასამართლდნენ, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ძალადობისთვის სასჯელს ითვალისწინებს. მაგალითად, პირები, რომელთაც სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით შეეფარდათ, რაც უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან.

სასჯელისგან სრულად ასევე გათავისუფლდებიან პატიმრები, რომელთაც სსკ-ის 122-ე მუხლი დაარღვიეს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ასევე 123-ე მუხლი – ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით.

საპატიმროებს ასევე დატოვებენ ის პატიმრები, რომლებიც სასჯელს 124-ე მუხლით იხდიდნენ, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ის პირები, რომლებიც სასჯელს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის (120-ე მუხლი) იხდიან, გარდა იმ პატიმრებისა, რომლებიც ოჯახში ძალადობისთვის არიან დაპატიმრებულნი, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში სასჯელისგან ასევე სრულად გათავისუფლდებიან.

კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებამდე ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულების ამნისტირება მწვავე დისკუსიისა და კრიტიკის საგანი გახდა. სწორედ ამიტომ, კანონპროექტის ავტორებმა არსებული წინააღმდეგობა გაითვალისწინეს და ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებულების ამნისტირებულთა სიაში შეყვანისგან თავი შეიკავეს.

ამას გარდა, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ასევე გათავისუფლდებიან 126-ე (ძალადობა) მუხლით გასამართლებული პირები. სხვა მუხლების მსგავსად, ეს ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებულებს არ ეხებათ.

ნარკოტიკული დანაშაული

ამნისტიის მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკოტიკული დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს ეხებათ.

კანონის თანახმად, 261-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გასამართლებული პირები (ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება და ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) ასევე სრულად გათავისუფლდებიან სასჯელისგან (გარდა იმ პირებისა, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისთვის იხდიან სასჯელს).

ამნისტია ასევე შეეხება იმ პატიმრებს, რომლებიც სასჯელს იხდიან 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას, ასევე 271-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობას.

სასჯელის სრულად მოხსნა შეეხება იმ პატიმრებსაც, რომლებიც სასჯელს იხდიან 273-ე მუხლით – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ასევე 273-ე პრიმა მუხლის (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება) პირველი შვიდი ნაწილით.

სასჯელი გაუნახევრდებათ წარსულში ნასამართლობის არმქონე იმ პირებს, რომელთაც სასჯელი 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მესამე ნაწილით (დიდი ოდენობით, არაერთგზის) შეეფარდათ.

265-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) მეორე და მესამე ნაწილებით გასამართლებული პირები სასჯელის მხოლოდ სამ მეოთხედს მოიხდიან.

260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება განსაკუთრებით დიდი ოდენობით) მე-6 (ა) ნაწილით და 261-ე მუხლის (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მე-4 (ა) ნაწილით გასამართლებული, წარსულში ნასამართლობის არმქონე პირები სასჯელის მხოლოდ სამ მეოთხედს მოიხდიან. ამნისტია ამ მუხლებით არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის იხდიან სასჯელს.

ფინანსური დანაშაული

ამნისტია ასევე ეხებათ იმ პირებს, რომლებიც ფინანსური დარღვევების გამო არიან გასამართლებულნი. პირებს, რომელთაც 186-ე მუხლის (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) პირველი ნაწილით შეეფარდათ სასჯელი სრულად გათავისუფლდებიან სასჯელისგან. ასევე სრულად გათავისუფლდებიან ის პირებიც, რომელთაც 207-ე მუხლით შეეფარდათ სასჯელი, რაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარუდგენლობას გულისხმობს.

დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელთაც სასჯელი 182-ე (მითვისება ან გაფლანგვა), 180-ე (თაღლითობა) და 185-ე (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) მუხლებით შეეფარდათ.

ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში, სასჯელისგან სრულად თავისუფლდებიან ის პირები, რომელთაც 208-ე (კრედიტის უკანონოდ მიღება) და 211-ე (ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება) მუხლებით შეეფარდათ სასჯელი.

კანონპროექტის თანახმად, სასჯელი გაუნახევრდებათ ნასამართლობის არმქონე იმ პირებს, რომელთაც 212-ე მუხლით (ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება) ჩაიდინეს დანაშაული. სასჯელი ასევე გაუნახევრდება ნასამართლეობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა 218-ე მუხლის (გადასახადისათვის თავის არიდება) მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button