skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ წასვლას აფასებენ

პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელმა და უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს გავრცელებულ წერილში თქვა, რომ იგი პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ მიდის და „კერძო ცხოვრების წესს“ უბრუნდება.

ივანიშვილის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მათ მიერ გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდი

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი: „ბოლო წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს მართოს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითია და მაგალითი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“.

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო იმ ფუნდამენტური მიმართულებებით, რომლებიც თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებს: დემოკრატიის გაძლიერება (საკონსტიტუციო რეფორმა, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები, ინსტიტუციური რეფორმები); ადამიანის უფლებების დაცვა (პენიტენციური სისტემის რეფორმა, სასამართლოს რეფორმები, მედიის თავისუფლება, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკა); ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება; პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა, რომელმაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები წარმატებები მოიტანა; მშვიდობის განმტკიცება და უსაფრთხოება (თავდაცვის სფეროს რეფორმები და თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში); სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება (მაგისტრალური გზები, ტურიზმის ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა).

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი: „პოლიტიკიდან წასვლით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ძალაუფლება არასოდეს იყო მიმზიდველი და მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო. სწორედ ამ სულისკვეთებით შეიტანა მან დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და დაამკვიდრა ახალი კონსტიტუციური წესრიგი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის სერიოზული გამოწვევა როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ისე ქვეყნისთვისაც“.

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც, ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო. დღეს მან გადაწყვიტა, რომ ამ პროცესში, მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, რომელიმე ერთ პირზე, მათ შორის, მასზე და ეს უნდა უზრუნველყოს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და ეს ასეც იქნება და საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას“.

ოპოზიცია

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: „გავეცანი ივანიშვილის ე.წ. წასვლის შესახებ განცხადებას. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა, საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად?! რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არა ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასებისა და ანალიზის უნარი?! რამდენჯერ უნდა დაგვცინოს?!. ივანიშვილს მართლაც მოუხდება წასვლა, ოღონდ ხელისუფლებას თავის შნირებს კი არ გადასცემს, არამედ გადასცემს ქართულ ოპოზიციურ კოალიციას. ივანიშვილს მართლაც მოუხდება ქონების დაბრუნება, ოღონდ ქონების დაბრუნება ქართველი ხალხისთვის, რომლის ძარცვის მეშვეობითაც მოიპოვა ეს ქონება! ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ. ჩვენ არა მხოლოდ არავინ არ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება ამ ურჩხულისგან“.

ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „პასუხისმგებლობა დააკისრა საკუთარ გუნდს, ქართულ ოცნებას და დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში, რაც ნიშნავს იმას, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის უბრალოდ დეკლარირებული გაქცევა, როდესაც არ უნდა პასუხისმგებლობის აღება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წერილში არის ის, რომ მთავარი ლაიტმოტივი, რაც არის – ოპოზიციის ლანძღვა, გინება, ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა, იმიტომ რომ სხვა სათქმელი ამ ადამიანს არაფერი აქვს საქართველოს მოქალაქეების წინაშე“.

გიგი უგულავა – ევროპული საქართველო: „ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას რვა წელიწადი მართავ მილიარდერი და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადასახდელი. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართველობის დროს, პრაქტიკულად ორნახევარჯერ დევალვირდა ეროვნული ვალუტა, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო. უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ, მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, მიტაცებულია თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, შენზე არის და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button