ახალი ამბები

სავალუტო ფონდმა პანდემიასთან გასამკლავებლად საქართველოს 113.9 მლნ აშშ დოლარი გამოუყო 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 16 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა. ამ პროგრამას სსფ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში 4 წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს.

მიმოხილვის დასრულების შედეგად საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება დაახლოებით 113.9 მილიონი აშშ დოლარი, რაც „საქართველოს კოვიდ-19-ის შოკით გამოწვეული დანაკარგის შემცირებაში“ დაეხმარება.

სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავჯდომარემ, ტაო ჟენგმა განაცხადა, რომ  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად ზომიერად მკაცრი მონეტარული პოზიცია სათანადოდ შეინარჩუნა და გაცვლითი კურსის მოქნილობაც უზრუნველყო.

„ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად და ინფლაციის 3%-იან მიზანთან დასაახლოებლად, შესაძლოა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნება გახდეს საჭირო“, – განაცხადა ჟენგმა და დასძინა, რომ მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინით და დონორების მხარდაჭერით სავალუტო რეზერვები „ადეკვატურ დონეზე შენარჩუნდება“.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის 13 მარტიდან დღემდე გამართულ 25 აუქციონზე ჯამში 843 222 000 დოლარი გაყიდა.

სსფ-მა განაცხადა, რომ პანდემიაზე საქართველოს ფისკალურმა პასუხმა ხელი შეუწყო ეკონომიკური და სოციალური შედეგების შემსუბუქებას, ხოლო 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობას გააგრძელებს.

სავალუტო ფონდმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სტრუქტურული რეფორმები, მათ შორის, სასამართლო სისტემაში, გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს და ხელს შეუწყობს ზრდას, სადაც წამყვანი კერძო სექტორი იქნება.

„ამ ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები SDR406 მილიონი (დაახლოებით 585.4 მლნ აშშ დოლარი) იქნება“, – აცხადებს სავალუტო ფონდი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button