Placeholder canvas
ახალი ამბები

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მუქარის შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მუქარის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება და მის მიმართ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან „სხვადასხვა სახის“ სისტემატური ზეწოლის შესახებ „საფუძვლიან ეჭვზე“ საუბრობს.

კოალიციის განცხადებამდე 3 დღით ადრე, 12 დეკემბერს, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ახალ წლამდე მის წინააღმდეგ აღძრული საქმის განახლებითა და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ.

15 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში კოალიცია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 2019 წელს, მისი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორობის პერიოდში „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქონების მიტაცების გამო“ დაწყებულ სამართლებრივ დევნასაც იხსენებს და განმარტავს, რომ სამართალდამცველ ორგანოებს საქმეზე რაიმე მნიშვნელოვანი განმარტება ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები გვარამიას საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნაზეც მიუთითებენ, სადაც აღნიშნულია, რომ „[გვარამიას] მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება“.

„ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მუდმივი კრიტიკის ფონზე, ვშიშობთ, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანია „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. ეს პროცესი უარყოფითად აისახება „მთავარი არხის“ გუნდზე და ჟურნალისტების სამუშაო გარემოზე“, – აცხადებენ კოალიციაში.

„დაუშვებელია მმართველი პოლიტიკური პარტიის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მედიაზე სიტყვიერი თავდასხმები და უპასუხისმგებლო შეფასებები“, – დასძენენ არასამთავრობოები.

უფლებადამცველები 2020 წლის იანვარში საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიაზე თავდასხმის, ასევე მისი ოჯახის წევრებზე თვალთვალისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ ცნობებზეც ამახვილებენ ყურადღებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციის წევრი ორგანიზაციები გვარამიას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და მოუწოდებენ „საერთაშორისო პარტნიორებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები, დაიცვან „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი აშკარა საფრთხეებისა და პოლიტიკური დევნისაგან“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button