ახალი ამბები

PACE-ის პრეზიდენტი ტინი კოქსის წინააღმდეგ სააკაშვილის ბრალდებებს გმობს 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა რიკ დაემსმა 20 ნოემბერს „საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკური წარმომადგენლის მხრიდან“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, ტინი კოქსის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, „დაუსაბუთებელი თავდასხმები“ დაგმო.

პრეზიდენტი დაემსი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კოქსს „რუსეთის აგენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ „ის რუსეთს ჰყავს კმაყოფაზე აყვანილი უკვე ორი ათწლეულია“.

PACE-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კოქსის განცხადებები, რომელთაც სააკაშვილის ბრალდებები მოჰყვა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციას ასახავს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიიდან პარტნიორებთან ერთად იქნა მიღებული.

„მართალია, ყველას აქვს უფლება, არ დაეთანხმოს მათ მიგნებებს და დასკვნებს, [თუმცა] საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ერთიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა დაემსმა. მან მოუწოდა „ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებისგან“.

ოთხმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობით 1 ნოემბერს არჩევნების შესახებ წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნეს, სადაც მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესის მთელი რიგი ასპექტები გააკრიტიკეს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button