ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი 31 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრობს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი იქნება ის, რაც არჩევნების დღეს მოხდება“ და დასძინა, რომ „ბევრი რამ  იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად“.

ჰარცელმა განაცხადა, რომ ინციდენტებსა და კამპანიის წესების დარღვევას „სერიოზული რეაგირება და გამოძიების ჩატარება უნდა მოჰყვეს საარჩევნო დღის შემდეგ პერიოდშიც“ და ხაზი გაუსვა, რომ „გამჭვირვალე და ეფექტიანი საგამოძიებო რეაგირება სრული საარჩევნო პროცესის ნაწილია და გავლენას მოახდენს არჩევნების საბოლოო შეფასებასა და  მომავალი არჩევნებისთვის სტანდარტის დაწესებაზე“.

ევროკავშირის ელჩმა მოუწოდა პარტიებს, რომ თავიდან აიცილონ „ფიზიკური დაპირისპირება და ესკალაცია“ და დასძინა, რომ „მიზანი უნდა იყოს უსაფრთხო და ზეწოლისგან თავისუფალი სივრცე საარჩევნო უბნების გარშემო“.

თავის განცხადებაში, ელჩმა ოდირის შუალედურ ანგარიშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ოდირის ადრინდელი რეკომენდაციების შესრულების შედეგად, არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობა გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა“.

მან იმედი გამოთქვა, რომ „შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნება უფრო კონსტრუქციული დებატების წარმართვა პოლიტიკურ პროგრამებთან დაკავშირებით და კონსენსუსის მიღწევის გაუმჯობესებული კულტურა, რადგან ეს ქვეყანა 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადადის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button