ევროპამთავარი თემა

მოლდოვა: არჩევნები არსაით

რა ხდება:

2020 წლის 1 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრორუსული და პროდასავლური საპრეზიდენტო კანდიდატების დაპირისპირების მიღმა, ღრმა პოლიტიკური კრიზისია. უიმედობით მოცული საზოგადოება დაყოფილია და ეს არჩევნებიც, სავარაუდოდ, კრიზისის სიღრმეს კიდევ ერთხელ მოჰფენს ნათელს.


ავტორი: მამუკა კომახია რონდელის ფონდის მკვლევარია. ის რუსეთის და პოსტსაბჭოთა სივრცის ამბებს აშუქებს.


რატომაა ეს მნიშვნელოვანი:

კრემლი მოლდოვას საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს და პროდასავლური საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვებას იგი რუსეთის ინტერესებისათვის საფრთხედ მიიჩნევს. ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმდინარე გამოსვლების, მთიანი ყარაბაღის ახალი ომისა და ყირგიზეთში პოსტსაარჩევნო ქაოსის გამო გადატვირთული საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგის მიუხედავად, რუსეთი საკუთარი ინტერესების დაცვას მოლდოვაშიც ცდილობს. მოსკოვი პრორუსული კანდიდატის გამარჯვების უზრუნველყოფას ცდილობს, თუმცაღა მოლდოვის დასავლეთისკენ რეალური მოძრაობის შიში არა აქვს.

რას უნდა მოველოდეთ:

  • არჩევნების პირველი ტური გამარჯვებულს ვერ გამოავლენს და, დიდი ალბათობით, მეორე ტურში პრორუსული და პროდასავლური კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
  • მეორე ტურში ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რადგან პარლამენტში არსებული ძალთა განაწილება ისეთია, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა და განსაზღვროს საგარეო პოლიტიკური ვექტორი.
  • მოსახლეობის სიმპატიები დასავლეთისა და რუსეთის მიმართ მეტნაკლებლად თანაბრად ნაწილდება. ამიტომაც,  მოლდოვა კვლავ დარჩება რუსეთსა და დასავლეთს შორის „საჯილდაო ქვად“, რომლის დაუფლებაც, მოკლევადიან პერსპექტივაში, რომელიმე მხარეს გაუჭირდება.
  • რუსეთი გააგრძელებს პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას და ამით ხელს შეუშლის მოლდოვის კრემლის გავლენის სფეროდან გასვლისა და დასავლეთთან უფრო მეტად დაახლოების მცდელობებს.

ანალიზი

მოლდოვა ერთადერთი ქვეყანაა ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც პრეზიდენტად კომუნისტური პარტიის წევრი ჰყავდა (ვლადიმირ ვორონინი – 2001-2009 წლები). მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონიც ყოფილი კომუნისტია, რომელიც მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევას რუსეთის დახმარებით ესწრაფვის. ევროპასთან გეოგრაფიული სიახლოვის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი შველას კვლავ რუსეთიდან ელოდება.

დნესტრისპირეთის გაყინული კონფლიქტი, ქვეყანაში არსებული პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები და რუსულ გაზზე დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე ღრმად ფესვგადგმული კორუფცია, ის ბერკეტებია, რომლებითაც რუსეთი მოლდოვაში გავლენას დიდი დამატებითი ძალისხმევის გარეშე ინარჩუნებს. თუმცაღა, კრემლი მაინც შეეცდება თავისი ფავორიტი კანდიდატის გამარჯვება უზრუნველყოს.

2016 წლის არჩევნები

მოლდოვაში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს ჩატარდა, სადაც პრორუსული სოციალისტური პარტიის კანდიდატმა იგორ დოდონმა გაიმარჯვა.  მან პროდასავლური პარტიის – „მოქმედება და სოლიდარობა“ – კანდიდატი მაია სანდუ მეორე ტურში დაამარცხა. დოდონმა ხმების 52.18% მიიღო.  

ტოქსიკური პოლიტიკური გარემო

მოლდოვაში პრეზიდენტის ძალაუფლება შეზღუდულია და ძლიერი საპარლამენტო მხარდაჭერის გარეშე, მისი გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე სუსტია. დიდი ხანია მოლდოვაში რომელიმე ერთი პარტია პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებს და მთავრობების შექმნა პარტიებს შორის გარიგებებზეა დაფუძნებული. მოლდოვაში ხშირია დეპუტატთა „დეზერტირობის“ შემთხვევებიც, როდესაც ზეწოლის ან კორუფციული გარიგების გზით, დეპუტატები პარტიებს იცვლიან.

2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დოდონის სოციალისტურმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა (31.35%) მიიღო, რაც არასაკმარისი იყო მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად. მეორე ადგილზე პროდასავლური „ACUM“-ის ბლოკი (პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“-სა და პლატფორმა „ღირსება და სიმართლე“-ს გაერთიანება) გავიდა 26.39%-ით, მესამე ადგილი ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო, მანდატების მცირე რაოდენობა კი პარტია „შორ“-ს ერგო.

კოალიციური მთავრობის ფორმირება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დიმიტრი კოზაკის (რომელიც ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსაც კურირებს) შუამავლობით მოხერხდა. პრორუსულ სოციალისტურ პარტიასა და პროდასავლურ „ACUM“-ის ბლოკს შორის ბევრისთვის დაუჯერებელი კოალიცია შეიკრა, რომელმაც დასავლეთის მხარდაჭერაც მიიღო. გარიგების შედეგად, კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი, პროდასავლური სანდუ გახდა. 2019 წლის ივნისში კოალიციის შექმნის შემდეგ, მოლდოვიდან გაქცევა მოუწია ოლიგარქ  პლახოტნიუკს, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის არაფორმალური მმართველი იყო. პლახოტნიუკი ამჟამად იმალება და მოლდოვის გენერალური  პროკურატურა თურქეთისგან მის ექსტრადიციას ითხოვს. მანამდე ოლიგარქი აშშ-ში იმყოფებოდა დევნილობაში, ოღონდ პოლიტიკური თავშესაფარი ვერ მიიღო.

სამთავრობო კოალიციამ ცოტა ხანი გაძლო (2019 წლის ივნისი-ნოემბერი) და ხუთ თვეში სოციალისტებმა ალიანსი უკვე დევნილი ოლიგარქის, პლახოტნიუკის დემოკრატიულ პარტიასთან შეკრეს. ახალ კოალიციურ მთავრობას 101-კაციან პარლამენტში ჯამში მხოლოდ 50 დეპუტატი ჰყავს: სოციალისტურ პარტიას – 37, დემოკრატიულ პარტიას  – 13. ამ ეტაპზე დოდონის გავლენა მთავრობაზე დიდია, მაგრამ მთავრობა უფრო ტექნოკრატიულია და კოალიციის დაშლის შიშით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ძალუძს.

პრეზიდენტობის კანდიდატები და პროგნოზები

საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებული კანდიდატებიდან უნდა გამოვარჩიოთ: მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი (ფორმალურად დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა პრორუსული სოციალისტური პარტიის არაფორმალური ლიდერი), ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ (პროდასავლური პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“), სიდიდით მესამე ქალაქ ბელცის მერი რენატო უსატი (პრორუსული „ჩვენი პარტია“) და ყოფილი შს მინისტრი ანდრეი ნესტასე (პროდასავლური პლატფორმა „ღირსება და სიმართლე“).

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მოლდოვის შემდგომი პრეზიდენტის ვინაობის გასარკვევად მეორე ტური გახდება საჭირო. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით (ჩატარდა ივლის-აგვისტოში), პირველ ტურში ორი წამყვანი კანდიდატიდან, სანდუ ხმების 20%-ს მიიღებს,  დოდონი – 18%-ს. სოციოლოგთა და დემოგრაფთა ასოციაციის მიერ ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, დოდონი პირველ ტურში 32.5%-ს მიიღებს, სანდუ კი 18.5%-ს. სხვა კვლევების მიხედვითაც, მეორე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად ერთმანეთს მთავარი კონკურენტები – სანდუ და დოდონი დაუპირისპირდებიან, როგორც ეს 2016 წელს იყო. თუ პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი 15 ნოემბერს მეორე ტურში დაუპირისპირდება ერთმანეთს.

დასავლეთის „უხილავი ხელი“?

2020 წლის 14 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამი რუსული რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის მოლდოვის, საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი. ლავროვის შეფასებით, ამერიკელები ცდილობენ ყველაფერი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ და პროდასავლურმა ძალებმა ცალსახა გამარჯვება მოიპოვონ და არ შედგეს ისეთი კოალიცია, როგორიც [პროდასავლურ] სანდუსა და [პრორუს] დოდონის პარტიებს შორის იყო.

ლავროვის შეფასება კონკრეტული ბრალდებებით გაამყარა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა, რომელმაც მოლდოვაში წინასაარჩევნოდ „ფერადი რევოლუციების“ ამერიკელ სპეციალისტთა ჯგუფის მივლინების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიშინიოვში თავის საელჩოს მითითება მისცა, რომ იმ შემთხვევაში თუ დოდონი გაიმარჯვებს, ოპოზიციამ, კენჭისყრის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, მასობრივი საპროტესტო აქციები უნდა მოაწყოს. ნარიშკინის ცნობით, ამერიკელებთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სივრცეში ყალბ ამბებს ავრცელებენ ხელისუფლების მიერ ფალსიფიკაციის გეგმების შესახებ.

კრემლის მხარდაჭერა დოდონს

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დოდონს ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. არსებული ინფორმაციით, დოდონს საარჩევნო კამპანიაში რუსი პოლიტტექნოლოგებიც ეხმარებიან. კრემლის მიერ დევნილი მიხეილ ხოდორკოვსკის ცენტრის „დოსიეს“ გამოძიების მიხედვით კი, კრემლის ადმინისტრაციაში მოლდოვის მიმართულებას საგარეო დაზვერვის გენერალი ვლადიმირ ჩერნოვი კურირებს, რომელიც ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსია. ჟურნალისტების ცნობით, მოლდოვაში სიტუაციას ჩერნოვის ხალხი აკონტროლებს.

დოდონის გამოწვევები

რუსეთის მხარდაჭერის მიუხედავად, დოდონი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. კორუფციამ და დანაშაულებრივმა სქემებმა მოლდოვა მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დააყენა. ქვეყანა ბოლო წლებში არაერთი საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. 2014 წელს ქვეყნის საბანკო სექტორიდან 1 მლრდ აშშ დოლარი გაქრა. საქმეში პოლიტიკური ფიგურებისა და პლახოტნიუკის გარდა, კიდევ ერთი ოლიგარქის, ვიაჩესლავ პლატონის სახელიც ფიგურირებს. მოლდოვა ე.წ. „ფულის რუსული სამრეცხაოს“ დანაშაულებრივი სქემის მნიშვნელოვანი რგოლიც აღმოჩნდა, როდესაც მოლდოვური ბანკების გავლით რუსეთიდან 20 მლრდ აშშ დოლარი გაიტანეს, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ფულის გათეთრების ყველაზე დიდი დანაშაულებრივი სქემა იყო. დანაშაულებრივ სქემებსა და პოლიტიკურ პროცესებში ოლიგარქების მონაწილეობამ  და მათმა არაფორმალურმა გავლენებმა სახელმწიფო ინსტიტუტები და მათდამი ხალხის ნდობა უკიდურესად შეასუსტა.

ბოლო პერიოდში დოდონს პანდემიასთან გამკვლავებაც უჭირს, რასაც ეკონომიკური კრიზისის გაღრავებაც მოჰყვა. მის დასაძლევად რუსეთიდან ფულის მიღებას კი დოდონი შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს. დოდონს მოსკოვმა 200 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი გამოუყო, მაგრამ მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კრედიტის შეთანხმების მოქმედება შეაჩერა.

დოდონის წინასაარჩევნო გზავნილები

დოდონი არჩევნებში გამარჯვებას რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის იმედით გეგმავს. მისი წინასაარჩევნო გზავნილებიც რუსეთის პოლიტიკურ გემოვნებას შეესაბამება.

დოდონი აცხადებს, რომ მხოლოდ მას შეუძლია დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება, რაც მოლდოვის კონფედერაციულ მოწყობას ითვალისწინებს. საინტერესოა, რომ დოდონი გარანტირებულად იღებს მხარდაჭერას დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ამომრჩევლებისგან, რომლებიც ხმის მისაცემად მოლდოვის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან.

რუსეთთან კავშირების გამყარების მიზნით დოდონი პრორუსულ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების პირობას დებს. დოდონის ძალისხმევით, ქვეყანას უკვე აქვს დამკვირვებლის სტატუსი ორგანიზაციაში.

რუსეთთან დაახლოების ფონზე დოდონი პირობას იძლევა, რომ იგი „დასავლეთს არ ჩააბარებს“ ქვეყანას, ისე როგორც ამას მისი კონკურენტები აპირებენ. დოდონის მომხრეების მხრიდან ყველაზე რეიტინგული პროდასავლური კანდიდატის – სანდუს წინააღმდეგ ისეთი ბრალდებები გაისმის, როგორც ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პროდასავლური პოლიტიკოსების მიმართ ხშირად ისმის: სანდუ – დახურავს ეკლესიებს, მასონების აგენტია, საზღვარს დაადგენს დნესტრზე.

რა იქნება არჩევნების შემდეგ

არჩევნების პირველი ტური გამარჯვებულს ვერ გამოავლენს და მეორე ტურში, მაღალი ალბათობით, დოდონი და სანდუ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სანდუს მომხრეებს მოლოდინი აქვთ, რომ დოდონი არჩევნების შედეგებს გააყალბებს. ამიტომაც პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფების მომხრეები ქუჩებში გამოვლენ, რაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.

მსგავსი/Related

Back to top button